Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-3 კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა


რუსეთის მოქალაქე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას
რუსეთის მოქალაქე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში მესამე კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე მეტი რაოდენობა, 443.6 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7%-ს შეადგენს.

ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 13.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (533.2 ათასი), სომხეთის (326.0 ათასი) და თურქეთის (281.3 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (60.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 411.4 ლარი შეადგინა.

* ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას
რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას

"საქსტატის" ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე აღირიცხა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

* მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.

2022 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც 2.5-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2021-2022 წლების III კვარტლებში საერთაშორისო ვიზიტორების 78.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ.

XS
SM
MD
LG