Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა შესაძლოა, ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყოს


სარაკეტო თავდასხმა კიევზე
სარაკეტო თავდასხმა კიევზე

შესაძლოა, უკრაინაზე რუსეთის მხრიდან დღეს, 15 ნოემბერს, განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა იყოს ყველაზე მასშტაბური ომის დაწყების დღიდან. როგორც უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს უკრაინული მედია, რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა. ამით რუსეთმა 10 ოქტომბრის იერიშის შემდეგ ყველაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა 84 რაკეტით დამბომბეს.

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ „ეს არის მასიური სარაკეტო შეტევა. კრიტიკული ინფრასტრუქტურა პირველი მიზანია. მაგრამ, სამწუხაროდ, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებსაც მოხვდა“.

იგნატმა კომენტარი არ გააკეთა იმის შესახებ, თუ რამდენი რაკეტა მოიგერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

მანვე განმარტა, რომ რაკეტების უმეტესობა გასროლილია სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, კასპიის რაიონიდან და როსტოვის რეგიონიდან, ნაწილი კი - შავი ზღვიდან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, დღევანდელი თავდასხმა ძირითადად უკრაინის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში განხორციელდა.

ტიმოშენკოს თქმითვე, დღევანდელმა იერიშმა უკრაინის ენერგეტიკა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო.

დედაქალაქში ვითარება უკიდურესად მძიმეა, შემოღებულია ავარიული გამორთვის სპეციალური გრაფიკი“, - განაცხადა მან.

რუსეთის მხრიდან მასირებულ სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, იერიში ისევ იყოს მოსალოდნელი, ამიტომ მან უკრაინელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს გადავიტანთ, დიდება უკრაინას“, - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთის არმიამ მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და ოლქზე. უკრაინული მედია, სულ ცოტა, ერთი დაღუპულის შესახებ იუწყება.

დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ნიკოლაევი, ხმელნიცკი, როვნო, ჟიტომირი, ვინიცისა და დრეპროპეტროვსკის ოლქებიც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ "დიდი ოცეულის" ქვეყნების ლიდერებს მიმართა და ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ სამიტისგან პრინციპულ პოზიციას მოელის.

"და გთხოვთ, "ორივე მხარისთვის" მოწოდებებს მოერიდეთ. დადექით ხალხის მხარეს და არა სამხედრო დამნაშავეების მხარეს", - დაწერა კულებამ ტვიტერზე.

15 ნოემბერს ინდონეზიის ქალაქ ბალიში დაიწყო "დიდი ოცეულის" ორდღიანი სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მანამდე გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ სამიტის პარალელურად რუსეთს შესაძლოა, მასირებული სარაკეტო იერიში მიეტანა უკრაინაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG