Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: არ არის პოლონეთზე წინასწარგანზრახული თავდასხმის ნიშნები


 ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი. 15 ნოემბერი, 2022 წელი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი. 15 ნოემბერი, 2022 წელი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განმარტება გააკეთა პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად, 15 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ წინასწარი ანალიზი გვიჩვენებს, რომ „შემთხვევა გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ, რომელიც უკრაინის ტერიტორიის დასაცავად იქნა გატყორცნილი რუსეთის ფრთოსანი რაკეტისგან თავდასაცავად“.

სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმისა, რა მოხდა ზუსტად და რა პირობებში გასროლილი რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად.

ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, „არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ ეს იყო წინასწარგანზრახული თავდასხმის შედეგი“. მისი თქმით, ეს არ არის უკრაინის ბრალი, რადგან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და მასზე თავდასხმის პირდაპირი შედეგია.

ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი და ესროლოს რუსეთის რაკეტას.

15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში, რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“

15 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლვოვის ოლქზე.

რეპორტიორის შეკითხვაზე, რა მოხდა და სად დაუშვეს შეცდომა, როცა ნატოს წევრ ქვეყანაში რაკეტა ჩამოვარდა, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო მზადაა თავდასხმისგან თავდაცვისთვის და ამ შემთხვევაში, პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტას არ ჰქონდა ის მახასიათებლები, რაც ჩვეულებრივ თავდასხმით იარაღს აქვს.

ალიანსის ხელმძღვანელს ასევე ჰკითხეს უშუალოდ აფეთქების ხასიათზე - იყო თუ არა იმ პერიოდში იმ არეალში რუსული რაკეტა, რომელსაც უკრაინამ ესროლა და უკრაინის თავდაცვითი რაკეტა ჰაერში აფეთქდა თუ მიწაზე. სტოლტენბერგმა ამ შეკითხვის პასუხად თქვა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

16 ნოემბერს ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თქვა, რომ რაკეტა, რომელმაც ორი ადამიანი მოკლა პოლონეთის სოფელში, უკრაინის საზღვრის მახლობლად, „დიდი ალბათობით, იყო ანტისარაკეტო თავდაცვის რაკეტა, რომელიც გამოიყენა უკრაინის თავდაცვის ძალებმა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG