Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში მონაწილეობას მოითხოვს


ოლექსი დანილოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი
ოლექსი დანილოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

უკრაინა მხარს უჭერს პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის პარტნიორებთან ერთობლივ გამოძიებას და მოითხოვს, შემთხვევის ადგილზე დაუშვან უკრაინელი სპეციალისტები, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი განმარტებით, კიევი ითხოვს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს აფეთქების ადგილზე წვდომის საშუალება დაუყოვნებლივ მიეცეთ.

"ჩვენ პარტნიორებთან ერთად ამ ინციდენტის შემდგომი, ყველაზე დეტალური შესწავლის მომხრე ვართ. ჩვენ მზად ვართ, პარტნიორებს ჩვენ ხელთ არსებული რუსული კვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები გადავცეთ, - თქვა დანილოვმა და დაამატა, - ჩვენ ასევე ველით ინფორმაციას ჩვენი პარტნიორებისგან, რის საფუძველზე გაკეთდა საბოლოო დასკვნა, რომ ეს არის უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა“.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინას სრულიად ღია პოზიცია აქვს გამოძიების მიმართ და აღნიშნა, რომ „მომხდარში დამნაშავე მხოლოდ რუსეთი და მისი სარაკეტო ტერორია".

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო შეახსენებს, რომ კიევი ყოველთვის ამტკიცებდა იმას, რომ „ცენტრალური ევროპის რეგიონის რუსული რაკეტებისგან დაცვა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ეფექტური საჰაერო ფარის განვითარებით“.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, "უბედური შემთხვევა" უწოდა ქვეყნის აღმოსავლეთში სამშაბათს საღამოს მომხდარ აფეთქებას. ვარშავა ინციდენტს ქვეყანაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშად არ აფასებს.

თუმცა, მან იქვე განმარტა, რომ ტრაგედიაში რუსეთია დამნაშავე, რომელმაც მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე და სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც თავდასხმას იგერიებდა, პოლონეთის საზღვრებში ჩავარდა.

15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში, რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 16 ნოემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პოლონეთში არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა ჩავარდა.

XS
SM
MD
LG