Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მასირებულმა სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა უკრაინის 2 ატომურ ელექტროსადგურს


ფოტო არქივიდან. როვნოს ატომური ელექტროსადგური
ფოტო არქივიდან. როვნოს ატომური ელექტროსადგური

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე 15 ნოემბერს განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა ხმელნიცკის და როვნოს ატომურ ელექტროსადგურებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის თანახმად, უკრაინიდან მიღებული ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე დარტყმების შედეგად, ხმელნიცკის ატომურმა ელექტროსადგურმა კავშირი დაკარგა ყველა ელექტროგადამცემ ხაზთან და სადგურის ორი რეაქტორი გამოირთო. 16 ნოემბერს ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურს ენერგომომარაგება აღუდგა ორი სარეზერვო ხაზით. ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი დაკარგა როვნოს ატომურმა ელექტროსადგურმაც და ავტომატურად გამოირთო ოთხიდან ერთი ენერგობლოკი.

რაფაელ მარიანო გროსი ხაზს უსვამს, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო ენერგომომარაგების გარეშე არაერთხელ დარჩა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიც.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი შემაშფოთებელი მოვლენები ადასტურებს, რომ უკრაინის ყველა ბირთვული ობიექტი პოტენციური საფრთხის წინაშეა.

15 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ რაიონებზე. კიევში და კიევის ოლქში დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა 96 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.

XS
SM
MD
LG