Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი რუსეთთან მხოლოდ საჯარო დიალოგის მომხრეა და არა - „კულისებს მიღმა“


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. 16 ნოემბერი, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. 16 ნოემბერი, 2022 წელი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მშვიდობიანი მოლაპარაკებებით დასრულდება, მაგრამ საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს ორმხრივი. მისივე თქმით, მოლაპარაკებათა შედეგი დიდად არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე ძალთა თანაფარდობაზე. „ჩვენ ყველას გვსურს [კონფლიქტის] შეთანხმებული მოგვარება. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თუ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებას და უკრაინაც შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებას, მაშინ დადგება მშვიდობა“, - თქვა სტოლტენბერგმა "ბიბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინის ხელისუფლება ამ პოზიციას არ ეთანხმება. კიევში ფიქრობენ, რომ საბრძოლო მოქმედების დასრულება და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება გამოიწვევს კონფლიქტის გაყინვას. ეს კი რუსეთს მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას, რათა აღიდგინოს ბრძოლისუნარიანობა და განმეორებით შეიჭრას უკრაინაში, უკვე სხვა საზღვრებიდან.

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მტკიცედ სჯერა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ რუსეთის ჯარები მთლიანად დატოვებენ უკრაინის დაკავებულ ტერიტორიებს გარანტიით, რომ „ეს აღარ გამეორდება“.

16 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიიღო გარკვეული სიგნალები სხვა ქვეყნების ლიდერებისგან, რომ რუსეთს მოლაპარაკებების დაწყება უნდა. ზელენსკის თქმით, კიევს არ სურს რუსეთთან „კულისებს მიღმა“ ურთიერთობა და მზად არის საჯარო დიალოგისთვის.

„დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის გადასადგმელი ათი ნაბიჯი წარუდგინა: რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და გადაუხადოს მას კომპენსაცია მიყენებული ზარალისთვის. ამასთან ზელენსკი ითხოვს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების შემდეგი პირობების შესრულებას: უსაფრთხოების გარანტიას, რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებას და ყველა სამხედრო ტყვის განთავისუფლებას.

უკრაინის პრეზიდენტის პირობების საპასუხოდ კრემლში განაცხადეს, რომ ზელენსკის მიერ წამოყენებული პირობები ადასტურებს უკრაინის პოზიციას, რომ უარს ამბობს მოლაპარაკებებზე. ამიტომ მოსკოვი შეეცდება თავისი მიზნების მიღწევას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩარჩოებში, თქვა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუღებელი უწოდა ზელენსკის მიერ წამოყენებულ პირობებს.

ოქტომბრის დასაწყისში ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, რუსეთთან მოლაპარაკების გამართვა შეუძლებელი იქნებოდა მანამ, სანამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

ბოლო პერიოდში, ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების ფონზე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ უკრაინასა და რუსეთს შორის მაისში შეწყვეტილი მოლაპარაკებების აღდგენაზე. თუმცა ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს, რა პირობებში და როგორ მოხდება ეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG