ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურის“ და ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ხალხი დააკავა ერთ-ერთ დემონსტრაციაზე, რომელიც მოჰყვა ახალგაზრდა ქურთი ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს პოლიციის განყოფილებაში.
ბრიგადის გენერალმა აჰმად ვაჰიდიმ 16 ნოემბერს თქვა, რომ „არეულობის დროს დააკავეს სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაგან ზოგიერთი მთავარ როლს თამაშობდა“ და რომ ისინი „სასამართლო ხელისუფლების ხელში იმყოფებიან და მათ შესახებ კანონის შესაბამისად იმსჯელებენ“. ვაჰიდის თავისი განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ირანის დაზვერვის სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ ქალაქ შირაზში შიიტურ მეჩეთზე თავდასხმის გამო დააკავა 26 ადამიანი, უცხოელები. ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ იკისრა.
ვაჰიდის კომენტარები მოჰყვა 12 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრას ირანელ ემიგრანტ უფლებადამცველებთან. შეხვედრაზე მაკრონმა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს „რევოლუცია“ უწოდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო მაკრონის შეხვედრა ამერიკაში მცხოვრებ აქტივისტებთან, პროტესტი გამოთქვა ირანელი ხალხის „რევოლუციის“ მხარდაჭერის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის გამონათქვამზე და მას „სამწუხარო და სამარცხვინო“ ქმედება უწოდა.
თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა და თეირანს ბრალი დასდო„დიქტატორულ მეთოდებში", ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მძევლებად გამოყენებაში. ამ განცხადებით, ირანში საპატიმროშია საფრანგეთის შვიდი მოქალაქე.