Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოდან ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე და კიდევ რამდენიმე ცნობილი პირი გარიცხა


ჟურნალისტი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვანიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვანიძე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხა 10 წევრი, ძირითადად ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები. მათ ნაცვლად საბჭოში შეიყვანეს ისინი, ვინც რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს უჭერს მხარს.

საბჭოდან გარიცხულთა შორის არიან ჟურნალისტები ნიკოლაი სვანიძე და ეკატერინა ვინოკუროვა, "წამების საწინააღმდეგო კომიტეტის" ყოფილი თავმჯდომარე იგორ კალიაპინი, პეტერბურგის ადამიანის უფლებათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ნატალია ევდოკიმოვა და ასევე საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრ „სოვას“ დირექტორი ალექსანდრე ვერხოვსკი.

რუსეთის ლიდერის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებული ცნობა, რომლის თანახმად, საბჭოს გარიცხული წევრები აპირებდნენ პუტინისთვის ეკითხათ, რას ფიქრობს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონზე, არმიის დისკრედიტაციის მუხლით დაწესებულ სასჯელზე, ომის საწინააღმდეგო ნებისმიერი გამოსვლის აკრძალვის, ნაწილობრივი მობილიზაციისა და ასევე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ პატიმრების გადაბირების თაობაზე.

ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოდან პუტინის მიერ გარიცხულ მოღვაწეთა ნაცვლად, ამ ორგანოში ადგილს დაიკავებენ კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები. მათ შორის ომის მხარდამჭერი „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე იულია ბელეხოვა, ორგანიზაცია „თავისუფალი დონბასის“ წარმომადგენელი ელენა შიშკინა და გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ კორესპონდენტი ალექსანდრ კოცი, რომელიც უკრაინის ომის შესახებ სტატიებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG