Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელთა ჯგუფმა კონგრესში წარადგინა რეზოლუციის პროექტი კიევისთვის გამოყოფილი თანხების აუდიტის თაობაზე

კონგრესმენი ჯორჯიიდან მარჯორი ტეილორ გრინი და დონალდ ტრამპი
კონგრესმენი ჯორჯიიდან მარჯორი ტეილორ გრინი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელ კანონმდებელთა იმ ჯგუფის ნაწილმა, რომელმაც მანამდე გააკრიტიკა რუსეთთან ომში უკრაინისათვის გაწეული დახმარება, მოამზადა რეზოლუციის პროექტი კიევისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხების შემოწმების შესახებ.

დოკუმენტის მიღების მცდელობას, თანაპარტიელებთან ერთად, ხელმძღვანელობს კონგრესმენი ქალი ჯორჯიიდან მარჯორი ტეილორ გრინი. ამასთან, როგორც გამოცემა The Hill-ი აღნიშნავს, ორივე პარტიის ის კანონმდებლები წარმომადგენელთა პალატაში, რომლებიც მხარს კიევისათვის დახმარების შემდგომ გაგრძელებას უჭერენ, რეზოლუციის ავტორებს მარგინალური უმცირესობის ნაწილს უწოდებენ.

თუმცა თავად დოკუმენტის ტექსტში დაფიქსირებულია რესპუბლიკური პარტიის იმ წევრების პოზიციაც, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევენ თანხების განაწილების მონიტორინგს.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს 20 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარება გაუწია, დაახლოებით 10 მილიარდზე მეტი გამოიყო ჰუმანიტარული დახმარებისთვის და დაახლოებით 13 მილიარდი - ეკონომიკური აღდგენისთვის. გარდა ამისა, ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დამატებითი დაფინანსებისთვის კიდევ 37,7 მილიარდი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდა.

მარჯორი ტეილორ გრინმა თავისი რეზოლუცია წარადგინა, როგორც პრივილეგირებული. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომლის წევრებს ექნებათ ორი კვირა, რათა უარი თქვან ინიციატივაზე ან დაამტკიცონ მასზე კენჭისყრა პალატის მთელი შემადგენლობის მიერ.

მარჯორი ტეილორ გრინს უწოდებენ უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკოსს და თავგადაკლულ მხარდამჭერს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, რომელმაც ამ კვირაში გამოაცხადა, რომ აპირებს 2024 წელს კვლავ იყაროს კენჭი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.

XS
SM
MD
LG