Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ღარიბაშვილის სტატუსის მისაღებად შეხვედრებს მართავდა, მათ შორის 18-20 თებერვალს


ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა იმ ვიზიტებსა და შეხვედრებზე, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის პრემიერმა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გამართა. კობახიძის დასახელებულ ვიზიტებს შორის მოხვდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც 18-20 თებერვალს გაიმართა. ამ დროს არც უკრაინაში იყო დაწყებული ომი და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მისაღებად არც საქართველოს, არც უკრაინას და არც მოლდოვას განაცხადი არ ჰქონდათ გაკეთებული.

"მთავრობას აქვს თავისი როლი კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და ამ როლს მთავრობა სათანადოდ ასრულებს. მე ერთ ასპექტს შევეხები. ეს არის შეხვედრები / ვიზიტები, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომ ჩვენ ევროკავშირმა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. რატომღაც, ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ვერ იხსენებს ასეთ შეხვედრებს და ვიზიტებს", - თქვა კობახიძემ და ჩამოთვალა პრემიერის საგარეო აქტივობები.

ამ შეხვედრებს შორის კობახიძემ დაასახელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან შეხვედრები. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში შეხვედრებს მართავდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც.

"პრემიერს, რომელსაც უამრავი საქმე აქვს, გარდა ამ საგარეო პოლიტიკის და კანდიდატის სტატუსისა, ახერხებს იმას, რომ 15-ზე მეტი შეხვედრა / ვიზიტი ხორციელდება ამ მიზნით, რომ მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი ინტერესების ლობირება... ეს ყველაფერი მოწმობს, რომ არის ძალიან დიდი ინტერესი და ძალისხმევაა ჩადებული ამ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ინტერესების ლობირება...

ზუსტად იმ პერიოდში, როცა თქვენ მართლა დასეირნობთ, ოღონდ არამარტო დასეირნობთ, პირდაპირ ლობირებთ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და იღებთ სელფებს, რაც მეტყველებს თქვენზე..." - მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში დღეს, 18 ნოემბერს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ - მას კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძეს, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ მიმართეს. დეპუატებს აინტერესებდათ რა ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად.

XS
SM
MD
LG