ყაზახეთის პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი, 2019 წელს არჩეული პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი.
არჩევნებში ასევე მონაწილეობენ: ნურლან აუესბაევი - ეროვნულ სოციალ-დემოკრატიული პარტია, მეირამ კაჟიკენი - ყაზახეთის პროფკავშირების გაერთიანება „ამანათი“, ჟიგული დაირაბაევი - სახალხო დემოკრატიული პარტია „აუილი“, კარაკატ აბდენი - სოციალურ მუშაკთა ალიანსი და სალთანატ ტურსინბეკოვა - ასოციაცია "ყაზახი დედები“.
როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ტოყაევი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
ყაზახეთში პრეზიდენტის არჩევნები ტარდება 2022 წლის 5 ივნისს გამართული საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტის მმართველობა ერთი, 7-წლიანი ვადით განისაზღვრება, ნაცვლად აქამდე არსებული ორი 5-წლიანი ვადისა.
ყაზახეთის ოპოზიციის მტკიცებით, ვადამდელი არჩევნებით ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი ცდილობს, თავი დააღწიოს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მემკვიდრეობას და საბოლოოდ იქცეს დამოუკიდებელ მმართველად, თუმცა თვითონ ტოყევი ამბობს, რომ „აუცილებელია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების კომპლექსური გადატვირთვა იმ ახალი სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ყაზახეთის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებშია ასახული“.