Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გადავარჩინოთ მიშა!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა


მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - „თავისუფლება მიშას“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიკოსებმა და მოქალაქეებმა.

19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუშები პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების სახიფათო რაოდენობის არსებობას ადასტურებდა და, რომ ეს ნიმუშები გადაგზავნილია ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა
გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა

"ჩვენ ველით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც....კი ბატონო, არის ეს მეტალები. ორ დღეში ველოდებით განმარტებებს, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა: ის, რომ მას 40 კილო აქვს დაკლებული ამ დროის განმავლობაში, ის, რომ ვეღარ დგება და ვერ დადის, ის, რომ საკვებს ვერ იღებს? ბევრი მიზეზია, სისუსტე აქვს საშინელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, რომელსაც რადიო თავისუფლება საპროტესტო აქციის მსვლელობისას ესაუბრა, - ბევრი ექიმი მონაწილეობდა ამ დასკვნის შედგენაში, რომლის მიღებასაც ველოდებით. ბევრი დიაგნოზია დასმული, საკმაოდ ვრცელი სიაა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ერთ დასკვნას აშშ-დან, რომელსაც რამდენიმე დღეში მივიღებთ“.

გიული ალასანიამ ასევე გააკეთა კომენტარი პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

გიული ალასანია ამბობს, რომ სრულად ეთანხმება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რადგან დასკვნა მართლაც არ მიუწოდებიათ სამსახურისთვის.

საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან
საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

„ველოდებით ყველა დოკუმენტის მიღებას, ყველაფრის ერთად თავმოყრას. ამის შემდეგ გადავცემთ მას სასამართლოს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკვე მიღებულ სამედიცინო დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არსებულ მძიმე მეტალებზე,

ხაჭაპურიძის თქმით, ახალმა კვლევამ უნდა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა აღნიშნული იმ სიმპტომებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ადამიანების თქმით, აქციის ერთადერთი მიზანი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა.

„ადამიანის გადარჩენა, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა - ამან უნდა გაგვაერთიანოს", - განაცხადა ექიმმა, პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც შეკრებილებს მიმართა:

მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ
მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს. ჩვენი, მედიკოსების აზრი რომ არ გაითვალისწინეს, იმიტომ ვართ ახლა ასეთ მდგომარეობაში. მოთხოვნა არის კატეგორიული, პროფესიონალური: ყველამ, ვისაც ურთიერთობა აქვს პაციენტ მიხელ სააკაშვილთან, ყველამ იცის, რომ მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში შეუძლებელია. არასათანადო მკურნალობის გამო მივიდა იგი ამ მდგომარეობამდე. ექიმებმა უნდა თქვან, რომ მათ არ ძალუძთ სააკაშვილის მკურნალობა... მინდა მოსახლეობას მივმართო. აქ ქალბატონი გიულია და შეიძლება გული ვატკინო, მაგრამ უნდა ვთქვა: პაციენტი არის ძალიან ცუდად და შეუძლებელია მისი საქართველოში გადარჩენა. ის აუცილებლად უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ პოლიპროფილურ კლინიკაში.“

"მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს"..."თავისუფლება მიშას" - ამ შინაარსის ტრანსპარანტები ეკავათ კანცელარიასთან შეკრებილებს.

"არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ", - დაწერა "ფეისბუკზე" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 2022 წ. 20 ნოემბერი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 2022 წ. 20 ნოემბერი

აქციის მონაწილეთა შორის იყო ვატო სურგულაძე, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი, რომლის თქმითაც, ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხები, რომლებიც ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, შესაბამის ინტერპრეტაციას საჭიროებს.

„არაფერი არ არის გამორიცხული, ვინაიდან სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს, აბსოლუტურად შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო ეს ნივთიერებები ორგანიზმში? ეს უკვე გამოძიების საკითხია“, - უთხრა ვატო სურგულაძემ რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG