Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: „ოცნების“ წარმომადგენლებიც ვეღარ უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას"


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საზოგადოება ცოტა ხანში ექსპერტულ დასკვნებს იხილავს და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი.

„დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი და მზარდად გაუარესებადი. ამას არ უნდა არც ბჭობა, არც მსჯელობა. ეს არის ანგარიშის გასწორება ივანიშვილის მხრიდან. ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ეს ადამიანი საჭიროებს შველას, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში. ბევრი სპეკულაცია იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ თვეების განმავლობაში არ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა. დააკვირდით, თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც საერთოდ ვეღარ უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად არის მძიმე მდგომარეობაში „ქართული ოცნების“ არაადამიანური მოპყრობის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გლდანის ციხეში“, - განაცხადა ნიკა მელიამ მელიამ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, რომლის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვდნენ.

ნიკა მელიას თქმით, არსებობს ექსპერტული დასკვნები, რომლებშიც ნათლად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია:

„ამას თვალი უნდა გაუსწოროს ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფრად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის არც პატიმრობა და არც მისი სიცოცხლე. მან უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ დასკვნების კასკადს ზურგს შეაქცევს და უგულებელყოფს ბიძინა ივანიშვილი, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება.“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა. უწყების განმარტებით, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს, გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

XS
SM
MD
LG