Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო შეისწავლის რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებს


დონეცკის ოლქში დაღუპული რუსი სამხედრო. 2022 წლის ოქტომბერი
დონეცკის ოლქში დაღუპული რუსი სამხედრო. 2022 წლის ოქტომბერი

პარასკევს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს მიერ ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების დახვრეტის კადრები უნდა იყოს აღბეჭდილი.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავთენტურობა არ დადასტურდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე უწოდა ამას ომის დანაშაული, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დანაშაულის ჩამდენებს „შურისგებით“ დაემუქრა.

აღნიშნული ვიდეოები გამოქვეყნდა ტელეგრამის არხებში. ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გამოდიან ხელებაწეული რუსი სამხედროები და კერძო სახლის ეზოში მიწაზე წვებიან. კადრის ბოლოში ჩნდება კაცი, რომელიც სახლიდან გამოდის და სროლას იწყებს. ამით ჩანაწერი მთავრდება. მეორე ვიდეოში ნაჩვენებია მსგავსი სამხედროფორმიანი ადამიანების სხეულები, ზოგიერთის გვერდით სისხლის კვალი მოჩანს.

ორივე ვიდეო, სავარაუდოდ, ლუგანსკის რეგიონში, ქალაქ მაკიივკას მიდამოებში უნდა იყოს გადაღებული. უკრაინულ მხარეს მათზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვიდეოში განვითარებულ მოვლენებს უიარაღო პატიმრების განზრახ და მეთოდურ მკვლელობას უწოდებს. გამოქვეყნებული კადრების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) იტყობინება, რომ უკვე იციან სამხედროების სავარაუდო დახვრეტის შესახებ გავრცელებული ვიდეოების შესახებ და შეისწავლიან მათ.

რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის განმავლობაში მხარეები ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებენ სამხედრო ტყვეებისა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობაში.

გასული კვირის ბოლოს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტერსკიმ განაცხადა, რომ რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ხერსონის რეგიონის ტერიტორიაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა 63 ნაწამები სხეული იპოვეს.


"ამჟამად ხერსონის რეგიონის ტერიტორიაზე ნაპოვნია 63 ცხედარი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო, კიდევ ბევრი წამების ადგილი და სამარხი იქნება აღმოჩენილი", - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამჟამად გამომძიებლები ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, აღირიცხება წამების ყველა ფაქტი, ადგენენ მოწმეებს და მიმდინარეობს ცხედრების ექსჰუმაცია, - აღნიშნულია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, ყოფილ და მოქმედ სამხედრო ტყვეებთან საუბრის შემდეგ ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინაც და რუსეთიც აწამებენ სამხედრო ტყვეებს.

XS
SM
MD
LG