Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ადვოკატს არ სჯერა, რომ ექსპრეზიდენტმა თვითონ დაწერა პოსტი მოწამვლასთან დაკავშირებით


ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ რეალურად ექსპრეზიდენტს ეკუთვნის "ფეისბუკში" დღეს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ საუბარი მის მოწამვლასთან დაკავშირებით, სპეკულაციაა. ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს "ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს იმის საშუალებას, ფეისბუკზე რაიმე პოსტები აქვეყნოს."

იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, მოწამლული იყოს, შალვა ხაჭაპურიძემ ლაპარაკი 19 ნოემბერს დაიწყო. დღეს მან თქვა, რომ უკვე თვეებია, ეჭვობენ, რომ სააკაშვილს ორგანიზმში აქვს გარკვეული მეტალები და ამის გამო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 8 თვის წინ დაენიშნა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება.

"თვეებია, ვაკეთებთ განცხადებას, რომ გაჩნდა ეჭვი, შესაძლებელია, მას ორგანიზმში ჰქონოდა გარკვეული მეტალები და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. კერძოდ, „ვივამედის“ ერთ-ერთი ექიმი 15 მაისს აღნიშნავს, რომ უნდა გადამოწმდეს ანალიზები და მას უნდა ჩაუტარდეს ტოქსიკოლოგიური კვლევები, ხომ არ არის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალი.

ჩამოვიდა პასუხი, რომ მას აღენიშნება გარკვეული მინერალები. ამჟამად ტოქსიკოლოგი მუშაობს იმასთან დაკავშირებით, ამ ადამიანს საიდან შეიძლება ჰქონოდა ეს ნივთიერებები და ა.შ. თუმცა არასდროს პირადად ჩემს მიერ არ გაჟღერებულა, რომ შესაძლებელია მოწამვლა. მოწამვლა არის იურიდიული დეფინიცია, დანაშაული, თუმცა მინერალები მას შეიძლება, ჰქონდეს ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტის, ანუ უამრავ, 15, თუ 18 მედიკამენტს იღებს და წამლების ერთმანეთთან არასწორი…

აღვნიშნეთ კიდეც, რამდენიმე ისეთი წამალი მიეწოდება, რომელიც ჩვენი აზრით, არ უნდა მიეწოდებოდეს", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა მისმა კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა.

"გუშინ ჩვენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ამ თემაზე საუბარი და კონსულტაცია გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ვიდრე ამ თემაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა არ იქნება, მანამდე ინტერპრეტაცია ყველანაირი სახით უნდა შეწყდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენც მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ მივცემთ და აქ ამოვწუროთ ყველაფერი", - თქვა ვალერი გელბახიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

XS
SM
MD
LG