Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ნავსადგურში მდგარ გემს სამართალდამცველები ამოწმებენ


საილუსტაციო ფოტო
საილუსტაციო ფოტო

ბათუმის პორტის თანამშრომლების ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში სამართალდამცველები და გამნაღმველები იმყოფებიან და ერთ-ერთი გემს ამოწმებენ. როგორც რადიო თავისუფლებას პორტის თანამშრომლებმა უთხრეს, დღეს, დაახლოებით დღის 3 საათზე, პორტის ადმინისტრაციაში უცხო პირმა დარეკა და დატოვა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი გემი, რომელიც ბათუმის ნავსადგურში დატვირთული დგას, დანაღმულია და ზღვაში გასვლისთანავე აფეთქდებოდა.

„დეტალები არ ვიცი. როცა დღეს შესვენებიდან დავბრუნდი სამსახურში დღის 3 საათზე, აღარ შეგვიშვეს სხვა თანამშრომლებთან ერთად. ყველა შესასვლელი ჩაკეტილია. გვითხრეს, გემზე ვმუშაობთო. გემი გუშინ დღისით დადგა გასასვლელად, დატვირთულია, დღეს უნდა გასულიყო. სატელეფონო ზარის შემდეგ შეაჩერეს და ახლა ამოწმებენ. სატელეფონო ზარი შემოვიდა, რომ გემი როგორც კი გავა, აფეთქდებაო. ახლა გამნაღმველები მუშაობენ ადგილზე“.

პორტის კიდევ ერთი თანამშრომელო ამბობს, რომ გამნაღველებს თბილისიდან ელოდებიან, მანამდე პორტის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლები მუშაობენ. სავარაუდო ასაფეთქებელს კი პორტის ტერიტორიაზე ეძებენ.

„ვიღაცას უთქვამს ბორანზე არის ნაღმი და რომ გავა ზღვაში, აფეთქდებაო. ეს იყო და მეტი არაფერი. არანაირი პანიკა არაა პორტში და არც პანიკის საფუძველი არაა, ჩვეულებრივად მიმდინარეობს მუშაობა პორტში“, - ამბობს ბათუმის პორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან მიქელაძე.

უცნობია, რომელ კომპანიას ეკუთვნის გემი, რომლის სავარაუდო, მოსალოდნელი აფეთქების შესახებ პორტში სატელეფონო შეტყობინება შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. კომენტარს არ აკეთებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოშიც.

XS
SM
MD
LG