სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის შორის ბრიუსელში გამართულმა მოლაპარაკებამ ვერ განმუხტა დაძაბული ვითარება ჩრდილოეთ კოსოვოში, რომელიც დაკავშირებულია სერბეთის მიერ გამოშვებული სამანქანო ნომრების და სხვა დოკუმენტების ჩანაცვლებასთან. მატულობს შიში, რომ კონფლიქტი, შესაძლოა, ძალადობრივი გახდეს.
ბელგრადსა და პრიშტინას შორის "სასწრაფო" მოლაპარაკება ევროკავშირმა მოიწვია და განაცხადა, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია, "კრიზისის პერმანენტული მენეჯმენტისთვის".
კურტის და ვუჩიჩის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი და ბელგრადისა და პრიშტინის დიალოგში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი მიროსლავ ლაიჩაკი.
თუმცა, რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, გაქარწყლდა იმედი, რომ მოლაპარაკება შედეგს გამოიღებდა.
"დღეს დილის რვა საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელებულ მოლაპარაკებებზე ორი მხარე ვერ შეთანხმდა გადაწყვეტაზე", - წერს ბორელი თავის განცხადებაში.
"გამჭვირვალობის გამო ჩვენ წარმოვადგინეთ წინადადება, რომელსაც შეეძლო ამ სახიფათო ვითარების თავიდან არიდება. პრეზიდენტი ვუჩიჩი მას დათანხმდა, თუმცა, სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი კურტი - არა", - დასძენს ბორელი.
ბორელის განცხადებები გამეორდა ვუჩიჩის სიტყვებით, რომელმაც თქვა: "ჩემთვის ბუნდოვანი მიზეზებით, ვერანაირი შეთანხმების მიღწევა ვერ შევძელით... ალბანურ მხარეს არაფერზე სურდა დათანხმება".
კურტის ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საჯარო განცხადება შეხვედრის შესახებ.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უკანასკნელ კვირებში გაძლიერდა. კოსოვოს სერბული უმცირესობა უკმაყოფილოა კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყოს იმ ავტომანქანების ხელახალი რეგისტრაცია, რომლებსაც სერბული სანომრე ნიშნები აქვთ.
კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება 1 ნოემბერს დაიწყო, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებისა, გადაედო ის.
პირველ ეტაპზე კოსოვოს ხელისუფლებამ გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე სერბულ სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევროთი დაჯარიმდებიან.
გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცვლას 21 აპრილამდე.
ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მეტი დრო მისცეს მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის.
აშშ-მა და ნატომაც გააფრთხილეს კოსოვო, არ იმოქმედოს ცალმხრივი წესით, რასაც ვითარების შემდგომი ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს.
.