Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა


23 ნოემბრის სარაკეტო დარტყმის ადგილი კიევში
23 ნოემბრის სარაკეტო დარტყმის ადგილი კიევში

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 23 ნოემბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა უკრაინის დედაქალაქის უდიდესი ნაწილი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დღეს დილის მდგომარეობით, ელექტროენერგია არ მიეწოდება უკრაინის დედაქალაქის 70%-ს. კლიჩკოს თანახმად, ენერგეტიკოსები ყველაფერს აკეთებენ მომარაგების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად, მაგრამ შედეგი დამოკიდებულია მთლიანად ქვეყნის ენერგოსისტემაში ბალანსის აღდგენაზე.

კიევის მერის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ წყლით მომარაგების კომპანიის თანამშრომლები, რომლებმაც დილისთვის შეძლეს მარცხენა სანაპიროსთვის წყლის მიწოდების აღდგენა. მარჯვენა სანაპიროს წყლით მომარაგება დღის მეორე ნახევარში უნდა განახლდეს.

23 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. დაიღუპა 10 ადამიანი. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ავარიულად გაითიშა იუჟნოუკრაინსკის, როვნოს და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, გენერატორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სადგურები შიდა წყაროებით მომარაგებაზე გადაიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 23 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევში და კიევის, ვინიცის, ლვოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში საცხოვრებელ სახლებსა და ენერგოობიექტებზე მასირებული იერიში მიიტანეს 67 ფრთოსანი რაკეტით და 10-მდე უპილოტო საფრენი აპარატით „ლანცეტი“. გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 51 რაკეტა და 5 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG