Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ სააკაშვილი: არ მგონია, გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს


ედუარდ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი
ედუარდ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ, ხელისუფლების ადგილას, რეალობის გათვალისწინებით, თავად გამოიყენებდა შანსს და დაეთანხმებოდა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც სასამართლოში იქნება წარდგენილი.

„ენდობიან თუ არა „ემპათიას“, სხვა საკითხია, მათ იციან რეალობა და მგონი, ეს დასკვნა და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი. იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებენ. მათ ადგილას მე გამოვიყენებდი. რაღაც მომენტში ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება ეს მოხდეს უფრო ადრე, რათა მამაჩემის ჯანმრთელობა ისე შეუქცევადად არ დაზიანდეს“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

ის შიშობს, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, მამამისის ჯანმრთელობა ვეღარც აღდგეს, რაც ხელისუფლების „უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი“ იქნება, მაგრამ „შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია“.

„ოპოზიცია, მგონი, ამ ყველაფრის გამო დასუსტდა კიდეც, იმიტომ, რომ გამოჩნდა, სააკაშვილის ჩამოსვლა არ იყო საკმარისი არაფრისთვის; ხოლო „ქართული ოცნება“ გამოჩნდება როგორც ძლიერი ძალა, რომელმაც გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი. მგონი, საკმაოდ კარგი სცენარი გამოდის მათთვის. შეიძლება, მათი მრჩევლები სხვა რამეს ეუბნებიან, მაგრამ მე ამას ვურჩევდი. მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკურად არა, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემა მოგვარდება, რადგან მართლა არ მგონია, რომ მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს ან სამუდამოდ დაინვალიდდეს“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG