Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე ნამდვილად არასწორია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი დეკანოზ ჯაღმაიძის განცხადებაზე


ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არ ეთანხმება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ცხრამუხის მონასტერში მომხდარ შემზარავ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელშიც ის მედიას ადანაშაულებს.

„შეიძლება მან გადაამლაშა. ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა და თავის პოსტზე დადო, თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება. მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება... ვფიქრობ, განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა“, - უთხრა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“.

დეკანოზ ჯაღმაიძის კომენტარი გამოქვეყნებულია არა მის პირად ფეისბუკგვერდზე, არამედ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმის, ყაჩაღობისა და ჯგუფურად გაუპატიურების ფაქტს დეკანოზი აბრალებს „გამალებულ და ორგანიზებულ ანტიეკლესიურ კამპანიას“, რომელსაც, ტექსტის თანახმად, საქართველოში კრიტიკული ტელეარხები, თეოლოგები და ექსპერტები აღვივებენ. ტექსტში დასახელებულია სამი ტელევიზია.

ასეთივე პოზიციაა გამოხატული თერჯოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა.

საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „უკიდურესად საშიშსა და არასწორს“ უწოდებს ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარი შემზარავი ფაქტის მედიისთვის გადაბრალებას.

თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია.

ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა“, - წერს ლომჯარია თავის ფეისბუკგვერდზე.

27 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 26 ნოემბერს დაკავებულ ორ პირსმონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე“, რაც თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„საქართველოს პროკურატურა მსგავს დანაშაულებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, - აცხადებს პროკურატურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG