Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონალურ მონაცემთა სამსახური "იმედის" სიუჟეტის საკითხს შეისწავლის


კადრი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტიდან
კადრი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტიდან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის მიერ მოქალაქეების მონაცემების მოპოვება-დამუშავების ფაქტზე საკითხის შესწავლა დაიწყო. კერძოდ, ეს ეხება სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე კრიტიკული კომენტარების ავტორებს ურეკავს და პასუხს სთხოვს.

მას შემდეგ, რაც სიუჟეტის ფორმამ და შინაარსმა არაერთი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ფეისბუკზე, მარიკა ბაკურაძემ განმარტა, რატომ დაურეკა მოქალაქეებს კრიტიკული მოსაზრებების გამო. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა, თუმცა კომენტარების დატოვების შესაძლებლობა შეზღუდა.

ბაკურაძის თქმით, სიუჟეტი სიძულვილის თემის საილუსტრაციოდ მოამზადა.

"გადაცემის მთავარი თემა იყო - სიძულვილის ენა. სოციალური სივრცე, რომელიც წალეკა სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ. ეს არის თითქოს ვირტუალური სამყარო, რომელიც განცალკევებულად გვეჩვენება ჩვენი რეალური ცხოვრებიდან, ამავდროულად კი სწორედ ესაა ჩვენი დღევანდელი ყოფა. ამ თემას განვიხილავდით სტუდიაში მოწვეულ სტუმართან, ფსიქოლოგთან ერთად.

ამ თემის საილუსტრაციოდ მოვამზადე სიუჟეტი, სადაც სოც.ქსელში დაწერილი კომენტარების ავტორთან რეალურ ყოფაში დავრეკე და რამდენიმე შეკითხვა დავსვი - რამდენად მართებულად მიაჩნიათ მათ ამ ლექსიკით საუბარი ფეისბუქში და მათ რეალურ გარემოცვაში.

ვწუხვარ, თუ არასწორად იქნა აღქმული ეს ხაზი", - წერს მარიკა ბაკურაძე.

იგი ასევე განმარტავს, რომ მოქალაქეების ტელეფონის ნომრები პირადი კონტაქტებით მოიპოვა და რესპონდენტების ანონიმურობა "სრულად დაიცვა".

"დამეთანხმებით, ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება.

ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ".

"იმედის" ჟურნალისტის სიუჟეტმა ფეისბუკმომხმარებლების დიდი ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მათთვის გაუგებარი იყო, საიდან აღმოჩნდა ჟურნალისტის ხელში მოქალაქეების ტელეფონის ნომრები.

ფეისბუკმომხმარებელი გიორგი ბოლქვაძე წერს, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვისაც "იმედის" ჟურნალისტმა დაურეკა. მისივე თქმით, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საუბარი იწერებოდა და ამისათვის შესაბამის სარჩელს მოამზადებს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიორგი ბოლქვაძემ თქვა, რომ, პირველ რიგში, გეგმავს, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" იჩივლოს, სასამართლო დავის საკითხს კი ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.

სიუჟეტი, როგორ ურეკავს ჟურნალისტი ფეისბუქზე დაწერილი კრიტიკული კომენტარების ავტორებს და ამისთვის პასუხს სთხოვს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "იმედის დღეში" 28 ნოემბერს გავიდა.

"მე გავაკეთე ერთგვარი ექსპერიმენტი. მართლა გულწრფელად დავინტერესდი - ეს ადამიანები, ვინც ამ სიტყვებს წერენ, რამდენად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სამეტყველო ენა", - თქვა ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ ეთერში, სიუჟეტის გასვლამდე.

სიუჟეტში მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც მას დაუკომენტარა "რას ბოდიალობ", ჰკითხა:

მარიკა ბაკურაძე: "ბოდიალი რას აღნიშნავს?"

მოქალაქე: "ამიტომ გადაწყვიტეთ დარეკვა?"

მარიკა ბაკურაძე: "კი, რა თქმა უნდა, მე ხომ მაინტერესებს მაყურებლის აზრი."

მოქალაქე: "ძაან სისულელე გადაცემა იყო."

მარიკა ბაკურაძე: "გასაგებია, შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ამას არავინ არ გთხოვთ..."

მოქალაქე: "არ მოგეწონათ ფორმა, როგორ დავწერე?"

მარიკა ბაკურაძე: "მე კონკრეტულად მაინტერესებს, ადამიანებს შორის რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი ურთიერთობის ფორმა, რომ "რაებს ბოდიალობ"."

მოქალაქე: "კი, კი, სისულელე გადაცემა რომ გადის, უნდა დაუწერო..."

მარიკა ბაკურაძე: "ესე იგი, თქვენ თქვენ გარშემო მყოფებს ასე ეკონტაქტებით, რომ რაებს ბოდიალობ, ეს სწორი მიმართვაა?"

მოქალაქე: "ჩემს გარშემო ჩემი მეგობრები და ნაცნობები არ ბოდიალობენ, კარგია, უფრო გემოვნებიან გადაცემებს თუ გააკეთებთ."

მარიკა ბაკურაძე: "თქვენც გემოვნებიანად ისაუბრეთ ხოლმე."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG