Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენზურის გამო ტექნოლოგიების ფირმა Yandex-ი რეორგანიზაციის პროცესშია და რუსეთის დატოვებისთვის ემზადება


ტექნოლოგიების გიგანტი რუსული კომპანია Yandex-ი აცხადებს, რომ მუშაობს რეორგანიზაციაზე და გეგმავს კავშირის გაწყვეტას რუსეთთან.

განცხადების ფონია კომპანიაში თვეების განმავლობაში არსებული მღელვარება - კომპანია დატოვეს აღმასრულებელმა ფიგურებმა, გაიყიდა Yandex-ის ორი ყველაზე ცნობილი პროდუქტი, დაეცა მისი წილების ფასი მანამ, სანამ საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გაიყინებოდა.

"დღეს ვართ განსაკუთრებულად დიდი გამოწვევების წინაშე", - აღნიშნავს Yandex-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ჯონ ბოინტონი 25 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ონლაინ გამოცემა The Bell-ი წერს, რომ Yandex-ის მშობელი კომპანია, რომელიც ჰოლანდიაშია განთავსებული, დაკარგავს კონტროლს Yandex-ის ჯგუფის ყველა ბიზნესზე. ოპერაციებს მომავალში გადაიბარებს ახალი კომპანია, რომლის საბჭოსაც ზედამხედველობას უწევს ალექსეი კუდრინი - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირე, რომელიც ამჟამად აუდიტის პალატასაც უდგას სათავეში.

Yandex-ი ზეწოლას განიცდიდა სულ მცირე 2019 წლიდან, როცა ის იძულებული გახდა Sberbank-სთვის მიეცა ვეტოს უფლება სამენეჯერო გადაწყვეტილებებში. ხმის ეს უფლება მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას გადაეცა.

თუმცა საბოლოო და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას საფუძველი დაუდო უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ომთან დაკავშირებულ ცნობებსა და დებატებზე კრემლის მიერ შემოღებულმა ცენზურამ.

XS
SM
MD
LG