Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე: ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი


ფოტოკოლაჟი: რატი ბრეგაძე და მიხეილ სააკაშვილი
ფოტოკოლაჟი: რატი ბრეგაძე და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროში დღეს, 29 ნოემბერს, გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა აქვს დანიშნული.

"დღეს ხშირად ვრცელდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებული სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენო ყველას, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია...

გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში", - თქვა მინისტრმა.

ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია მსჯავრდადებული პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანა საზღვარგარეთ. რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, მინისტრის თქმით, შესაბამისი მიმართვა სასამართლომ უნდა განიხილოს, წარდგენილი დასკვნების საფუძველზე.

რატი ბრეგაძეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, "ფაფის ჭამის კადრების" მსგავსად, ახლა რატომ არ საჯაროვდება ვიდეომასალა სააკაშვილის პალატიდან, როცა არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი?

"კადრების ნახვა თუ არნახვა, ჩვენი შიდა სამსახურებრივი საკითხებია, რომელზეც არ ვაპირებ საჯაროდ საუბარს... თუ კარგად გაიხსენებთ, როდესაც საუბარი იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, რომ თითქოს მას თავს დაესხა ვინმე, როდესაც ხდებოდა გარკვეული ჯგუფების მობილიზება და რისკები არსებობდა სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით, სწორედ ამ მიზნით იქნა ნაჩვენები. მსგავსი ტიპის შედარება არის სრულიად არარელევანტური", - უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა, მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადაემოწმებინა:

"მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებზეც განაცხადა მან თანხმობა. შესაბამისად, როცა ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე, ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს".

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამო არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე.

"მსგავსი პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და შესაბამისად, სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში", - თქვა მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

საქართველოს მოქმედი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, განაცხადა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG