Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებას მასობრივად ხდის შესაძლებელს


მოსკოვის ცენტრი, საილუსტრაციო ფოტო
მოსკოვის ცენტრი, საილუსტრაციო ფოტო

რუსეთში ძალაში შედის კანონი "უცხოეთის გავლენის ქვეშ მყოფ პირთა მოღვაწეობის კონტროლის შესახებ", რომელიც სახელმწიფო სათათბირომ ივნისში მიიღო, შემდეგ კი მასში და ათეულობით სხვა კანონში, სისხლის სამართლის კოდექსის ჩათვლით, გასამკაცრებელი შესწორებები შეიტანა.

დოკუმენტს სისტემაში მოჰყავს და ამკაცრებს სახელმწიფო პოლიტიკას ე.წ. უცხოეთის აგენტებთან მიმართებით. კანონის თანახმად, "ინოაგენტად" შეიძლება აღიარებული იყოს ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია ისე, რომ აუცილებელი არაა დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდეს - საკმარისია იგი უბრალოდ იმყოფებოდეს "გავლენის ქვეშ". ამასთან, კანონში ძალიან ბუნდოვნადაა განმარტებული, კერძოდ რა შეიძლება ჩაითვალოს უცხოეთის გავლენად. კანონის თანახმად, ასეთად ჩაითვლება "გავლენის მოხდენის" ნებისმიერი ფორმა "იძულების, დარწმუნების ან სხვა მეთოდების გზით".

ამ ეტაპზე რუსეთში "უცხოეთის აგენტად" 348 პირი და ორგანიზაციაა აღიარებული, მედიასაშუალებების ჩათვლით.

ყველას, ვისაც ეს სტატუსი უკვე შეფარდებული აქვს, 1 დეკემბრიდან გააერთიანებენ ახალ რეესტრში, რომელსაც ახალი სახელებიც დაემატება. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო გამოაქვეყნებს არა მხოლოდ სახელებს, არამედ მათ პერსონალურ მონაცემებსაც - მათ შორის დაბადების თარიღს, გადამხდელის ნომერს, დაზღვევის ნომერს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთი "უცხოეთის აგენტების" კანონს იყენებს მთავრობის კრიტიკოსებისთვის იარლიყის მისაწებებლად და მათ გასაჩუმებლად. სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ ამ კანონის გამოყენება გახშირდა მას მერე, რაც კრემლი თებერვალში პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში.

XS
SM
MD
LG