Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერჟანტი გიორგი რუსიტაშვილი: საქართველოში დღესაც ძებნაა ჩემზე გამოცხადებული


სერჟანტი გიორგი რუსიტაშვილი
სერჟანტი გიორგი რუსიტაშვილი
  • რის გამო გაასამართლეს საქართველოში პროფესიონალი ქართველი სამხედრო, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გმირობისა და მამაცობის ორდენით დააჯილდოვა?
  • რა ასაზრდოებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის მოტივაციას?
  • როგორ გახდნენ ღვიძლი ძმები უახლოესი თანამებრძოლები?
  • და როგორ საქართველოზე ოცნებობს ბრძოლის ველზე სერჟანტი გიორგი რუსიტაშვილი?

კობა ლიკლიკაძე: გიორგი, გამარჯობა, გვითხარით თავდაპირველად თქვენ შესახებ. საიდან ხართ წარმოშობით, რა გზა გაიარეთ, ვიდრე უკრაინაში, მსოფლიოს ამ ყველაზე უფრო ცხელ წერტილში, ფრონტის ხაზზე მოხვდებოდით?

გიორგი რუსიტაშვილი: დავამთავრე სკოლა 2009 წელს და ჩავირიცხე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ვმსახურობდი 8 წელიწადი. 2016 წელს ჩამოვედი უკრაინაში და დღემდე ვიბრძვი რუსეთის წინააღმდეგ.

კობა ლიკლიკაძე: თქვენს ფეისბუკზე მე ამოვიკითხე ასეთი ცნობა, რომ ოკუპანტები გარბიან ნოვაია კახოვკიდანო. გვითხარით, რა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია ნოვაია კახოვკა და დადასტურდა თუ არა ოკუპანტების უკუქცევა?

გიორგი რუსიტაშვილი: ნოვაია კახოვკიდან ოკუპანტები სრულიად არ გასულან. გავიდა დიდი ძალა და, ფაქტობრივად, ახლო მომავალში სრულიად დატოვებენ ამ ქალაქს, არა მარტო ნოვაია კახოვკას, არამედ მთელ ხერსონის ტერიტორიას. გვაქვს რაღაც წინსვლები და მომავალში გვექნება ინფორმაცია, რომ სრულიად გათავისუფლდება როგორც ხერსონის, ისე ზაპოროჟიეს ოლქი.

კობა ლიკლიკაძე: გიორგი, თქვენმა თანამებრძოლმა ისე გაკვრით მითხრა, რომ თქვენ ხართ დაჭრილი და მიღებული გაქვთ საბრძოლო ჯილდო. სად მოხდა თქვენი საბრძოლო ჭრილობის მიღება და რა ჯილდოზეა საუბარი?

გიორგი რუსიტაშვილი: ჭრილობა არ მიმიღია, მაგრამ მივიღე მძიმე ტრავმა. ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს მოვყევით ჩასაფრებაში და დაგვეჭრა როგორც ქართველები, ისე უკრაინელები. და ამ ჩასაფრებაში მივიღე ეს დიდი ტრავმა, ეს მოხდა ქალაქ ვალნავახაში, დონეცკის ოლქში. და ამის საფუძველზე დაგვაჯილდოვა უკრაინის პრეზიდენტმა. სახელმწიფო ორდენია, გმირობისა და მამაცობისთვის ორდენი.

კობა ლიკლიკაძე: უშუალოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადმოგცათ ეს ჯილდო?

გიორგი რუსიტაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის არ გადმოუცია პირადად ეს სახელმწიფო ორდენი, რადგან სულ წინა ხაზზე გვიწევს ბრძოლა და ყოფნა. მაგრამ პრეზიდენტის ბრძანებით გაიცა ჩვენზე ეს სახელმწიფო ორდენი და ის უშუალო ხელმძღვანელმა გადმოგვცა. ოფიციალური ორდენი არის, სახელმწიფო ორდენი.

კობა ლიკლიკაძე: როგორი ავტორიტეტით სარგებლობს პრეზიდენტი ზელენსკი თქვენში, ჯარისკაცებში?

გიორგი რუსიტაშვილი: ძალიან უბრალო ადამიანია და როგორც პრეზიდენტი, ძალიან ძლიერი პრეზიდენტია. თავიდან რომ მოვიდა, ჩვენი პრეზიდენტი გახდა, არავის არ ეგონა, თუ ასეთი ძლიერი პრეზიდენტი იქნებოდა, თუ ასე ღიად დაუპირისპირდებოდა რუსეთს. მახსენებს, იცით, როგორი პრეზიდენტი არის, როგორიც მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოში, ისეთი ძლიერი პრეზიდენტია ვოლოდიმირ ზელენსკი.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ ახლა ცხრა თვის განმავლობაში იმყოფებით უსასტიკესი ომის პირობებში, მიზანზე თქვენ ისაუბრეთ - ეს არის ამ ომში გამარჯვება. მაგრამ თქვენი მოტივაცია როგორია? გაქვთ თუ არა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, გაქვთ თუ არა შესაძლებლობა, ცოტათი დაისვენოთ, სული მოითქვათ ამ ომისგან?

გიორგი რუსიტაშვილი: პირველ რიგში მოტივაცია არის ძალიან ძლიერი, როგორც ქართველებში, ისე უკრაინელებში. გვაქვს ყველანაირი სამედიცინო დახმარებაც, დაფინანსებაც არის, ყველაფერი არის აბსოლუტურად. სამ თვეში ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, რომ 5 ან 10 დღე დავისვენოთ და კიდევ პატარა სწავლებაც გავიაროთ. მთავარია, რომ მოტივაცია გვაქვს. არის მოტივაცია.

კობა ლიკლიკაძე: მინდა გკითხოთ საბრძოლო მეგობრობაზე. თქვენ თუ შეგიძლიათ, კონკრეტულად თქვენი თანამებრძოლის მაგალითზე გვითხრათ, რას ნიშნავს ეს საბრძოლო მეგობრობა?

გიორგი რუსიტაშვილი: საბრძოლო მეგობარი ჩემი უფროსი ძმაა... დღესდღეობით ჩემს გვერდით არის, როგორც ომიანობის პერიოდში, ისე მშვიდობიან პერიოდში. ჩემი უფროსი ძმა უკვე მესამე წელია ჩემს გვერდით არის. და მყავს კიდევ ჩემი უფროსი ძმაკაცი, ზაზა ცხოვრებაძე. და სულ ერთად ვართ როგორც ბლინდაჟში, ისე ოპერაციაში, ისე მშვიდობიან ცხოვრებაში. ყველგან აბსოლუტურად.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ, ძმები ერთად იმყოფებით? ომში ერთად ხართ?

გიორგი რუსიტაშვილი: დიახ, დიახ! მე უკვე 7, თითქმის მე-8 წელი დაიწყო, რაც ომში ვარ ჩართული და ჩემი ძმა მესამე წელიწადია არის აქ. ჩემი ძმის დახმარებით და ჩვენი ძმების დახმარებით ვაკეთებთ ყველაფერს. არაერთი უკრაინელი გვყავს გადარჩენილი და გამოყვანილი გვყავს ბრძოლის ველიდან, როგორც დაჭრილები. რა ვიცი, ძალიან, ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ საქართველოს ჯარისკაცი ხართ და, რა თქმა უნდა, ფიქრობთ საქართველოზე, თქვენს სამშობლოზე. როგორი გინდათ, რომ იყოს საქართველო? როგორია თქვენი თვალით დანახული იდეალური საქართველო?

გიორგი რუსიტაშვილი: მე საქართველოში უკვე ხუთი წელიწადია ნამყოფი აღარ ვარ, არ ჩამოვსულვარ, იმიტომ რომ რაღაც პრობლემების გამო ვეღარ ჩამოვდივარ ჩემს ქვეყანაში. ჩემს ქვეყანაში, პირველ რიგში, მინდა იყოს სიმშვიდე და სიწყნარე. მინდა სულ წინ, ევროპულ გზაზე ვიაროთ და გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. და ნატოს წევრი ქვეყანა რომ გავხდებით, მაშინ როგორიც მე მინდა, საქართველო ისეთი იქნება.

კობა ლიკლიკაძე: ეს პრობლემა ხომ არ უკავშირდება თქვენ მიმართ რაიმე დევნას?

გიორგი რუსიტაშვილი: 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნები რომ მოხდა, სალომე ზურაბიშვილი რომ მოვიდა და პრეზიდენტობის კანდიდატი რომ იყო, მან აფხაზეთს უწოდა განგრენა. და მე, როგორც სამხედრო, ჩავერთე ამ კამპანიაში და ისე აღმოჩნდა, რომ მუქარად ჩამითვალეს ჩემი [მისდამი] მიწერ-მოწერა და მომისაჯეს ერთწლიანი ციხე. და 2018 წლიდან საქართველოში დღესაც ძებნაა ჩემზე გამოცხადებული. ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა! ხუთი წელი ცოტა არ არის...

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG