Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ მას ომის დასრულება სურს


ემანუელ მაკრონი (მარცხნივ), ჯო ბაიდენი
ემანუელ მაკრონი (მარცხნივ), ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკება აწარმოოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით. Reuters-ის თანახმად, ჯო ბაიდენმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. ბაიდენმა დასძინა, რომ ასეთ მოლაპარაკებებს ნატოს მოკავშირეებთან კონსულტაციით ჩაატარებდა. თუმცა, პუტინთან საუბარი აშშ-ის ლიდერის დღის წესრიგში ჯერ არ დგას.

შეხვედრის დასასრულს ბაიდენმა და მაკრონმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები მკაცრად გმობენ "რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ" და ხაზს უსვამენ, რომ „მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა წარმოადგენს ომის დანაშაულს, რომლის ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ", - იუწყება რადიოსადგური „ამერიკის ხმა“.

პრესკონფერენციაზე მაკრონმა პირობა დადო, რომ უკრაინისგან არ მოითხოვს „ისეთი კომპრომისების დაშვებას, რისთვისაც მზად არ არის", - მოჰყავს მაკრონის სიტყვები სააგენტო „ფრანს პრესს“.

  • ბაიდენმა და მაკრონმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და უკრაინის ენერგოსისტემის შესაკეთებლად საჭირო აღჭურვილობის, ასევე მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდებას ზამთრის პირობებში უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად.
  • ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ასევე გეგმავენ, საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით პასუხი აგებინონ რუსეთს მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე.
XS
SM
MD
LG