Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI-ის შეფასებით, ანტიკორუფციული  ბიუროს შესახებ კანონი ნაკლოვანია


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ მიღებულ კანონს გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" (TI). როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების საგულდაგულოდ გადაჭრა ევროკომისიის მიერ გაცემულ ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, თავდაპირველად ინიციირებული ვერსია ანტიკორუფციული ბიუროს ზოგადი მაკოორდინირებელი ხასიათის უფლებამოსილებებს ითვალისწინებდა, მეორე მოსმენის შემდეგ კი მას დაემატა რიგი მნიშვნელოვანი ფუნქციები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის და ქონებრივი დეკლარაციების შევსებისა და მონიტორინგის მიმართულებებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონით გათვალისწინებული ანტიკორუფციული ფუნქციების ერთ ინსტიტუციაში მოქცევა მისასალმებელი და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია. თუმცა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცენტრალიზებული მოდელი მუშაობს მხოლოდ ამ ინსტიტუციის რეალური დამოუკიდებლობისა და მისთვის სათანადო (საგამოძიებო) უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში.

ამ მხრივ, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი ნაკლოვანია, რადგან ის არ მოიცავს ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფუნქცია კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების გარეშე ანტიკორუფციული ბიურო ვერ შეძლებს მაღალი დონის კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას. როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, სწორედ „მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების საგულდაგულოდ გადაჭრას” ითხოვს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული მე-4 რეკომენდაცია.

განცხადების თანახმად, ასევე პრობლემურია ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის და ასევე წარმოადგენს ევროკომისიის მიერ გაცემული მე-4 რეკომენდაციის მოთხოვნას. ამ გარანტიას, TI-ის შეფასებით, უზრუნველყოფდა ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის შედეგად არჩევა.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ გამოსწორდა ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასა და შესაბამის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარვეზები, ის ვერ უპასუხებს ქვეყანაში არსებული მაღალი დონის კორუფციის გამოწვევას.

30 ნოემბერს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი 78 ხმით დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც 27 კანონპროექტი შედის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG