Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სააკაშვილის თმასა და ფრჩხილში ვერცხლისწყლის და დარიშხანის ნიმუშებია აღმოჩენილი“ - „მთავარი არხი“ დასკვნას აქვეყნებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ამერიკელი პროფესორის დევიდ სმიტის დასკვნის შესახებ იუწყება „მთავარი არხი", რომლის თანახმად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თმასა და ფრჩხილში ვერცხლისწყლის და დარიშხანის ნიმუშებია აღმოჩენილი. ტელეარხის ცნობით, მის მიერ მოპოვებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა.

„მთავარი არხის" ინფორმაციით, დევიდ სმიტის დასკვნაში საუბარია ყოფილი პრეზიდენტის სიმპტომებზეც და აღნიშნულია რომ ის დიდი ალბათობით სწორედ მძიმე მეტალებით არის გამოწვეული.

2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ნიმუშები აიღეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი ნიმუშების აღებას დასთანხმდა.

"ნიმუშები ავიღეთ, რაც გვჭირდებოდა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა გამოთქვა და შემდეგ ამ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ“, - უთხრა კაკაშვილმა ჟურნალისტებს კლინიკა "ვივამედთან", მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG