Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყარომ დაასახელა ადგილი, საიდანაც უკრაინის დიპლომატიურ მისიას ფოსტით ბომბი გაუგზავნეს


ესპანეთის პოლიცია ფიქრობს, რომ ბომბის ექვსი პაკეტი, რომლებიც სხვადასხვა მაღალი რანგის დაწესებულებებმა მიიღეს ბოლო დღეებში, შესაძლოა, ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვალადოლიდიდან გაეგზავნათ.

ამის შესახებ Reuters-ს გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. ამავე დროს წყარომ აღნიშნა, რომ პაკეტების კონკრეტული გამგზავნის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.

ასაფეთქებელი მოწყობილობები გაუგზავნეს ესპანეთის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის ოფისს, სხვა სამთავრობო უწყებებს, ესპანეთში უკრაინის საელჩოს, ამერიკის დიპლომატიურ მისიას და ევროკავშირის სატელიტურ ცენტრს, რომელიც მდებარეობს ტორეხონ დე არდოზში, მადრიდის მახლობლად.

ამანათები ადრესატებთან მივიდა 24 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ძირითადად, ყველა ასაფეთქებელი მოწყობილობის განეიტრალება მოხერხდა.

მცირე დაზიანება მიიღო უკრაინის საელჩოს დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც დიპლომატიური მისიის ეზოში გახსნა პაკეტი.

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადრე არ გამორიცხა, რომ ბომბების გაგზავნა შეიძლება უკავშირდებოდეს ესპანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომში. უკრაინის რამდენიმე დიპლომატიურმა მისიამ მიიღო ბოლო დღეებში სისხლიანი პაკეტები, რომლებშიც მკვდარი ცხოველების თვალები იყო. კიევის ცნობით, ასეთი ამანათები მივიდა უნგრეთის, ნიდერლანდის, პოლონეთის, ხორვატიის, იტალიის საელჩოებში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე საკონსულოში ჩეხეთის ქალაქ ბრნოში.

ეს ქვეყნები იკვლევენ, ვის შეიძლებოდა გაეგზავნა ფოსტა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არსებობს საფუძველი, ვილაპარაკოთ „უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების მიმართ ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილ კამპანიაზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG