Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი: 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ომს, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ექვსი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. მან კომენტარი ჟურნალისტებთან ჰააგაში ვიზიტისას გააკეთა.

„ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“, - შალვა პაპუაშვილის სამძიმარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ, მეორე ადამიანია ხელისუფლებიდან, ვინც უკრაინაში ბოლო დღეებში 6 ქართველი მებრძოლის გარდაცვალებას გამოეხმაურა. საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ამ დრომდე ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში 3 დეკემბერს დაიღუპა, დაჭრილია მეთაური, გრძელდება ბრძოლა დაღუპულების ცხედრების გამოსაყვანად. გარდაცვლილის ოჯახებს 4 დეკემბერს სამძიმარი ქართულ ენაზე გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.

მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG