Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონით დარტყმა განხორციელდა რუსეთის კიდევ ერთ აეროდრომზე


ხანძარი კურსკთან მდებარე აეროდრომის რაიონში. 2022 წლის 6 დეკემბერი

უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა რუსეთის ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომის რაიონში. ამის შესახებ დღეს, დილით ტელეგრამზე დაწერა კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა. მისი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს და ამჟამად ცეცხლის ლოკალიზაცია მიმდინარეობს. სტაროვოიტის თანახმად, მსხვერპლი არ არის.

რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

5 დეკემბერს დილით, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე მოხდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა.

უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განახორციელა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, 5 დეკემბერს, უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ორი ფოტო, წარწერით: „რიაზანი. ვგლოვობთ“, რომლებზეც ასახული იყო დაზიანებული ბომბდამშენი და სატვირთო ავტომანქანა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ეს ფოტოები ტელეგრამიდან წაშალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG