Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს


საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა „იმედის" ეთერში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. ის ამბობს, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმების მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსს.

„დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა დასკვნა, რომელიც არის საკმაოდ ტენდენციური. ვფიქრობ, ექიმი არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს, ის დაინტერესებული უნდა იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის რეალური შეფასებით, რათა საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს რეალური სურათი. როცა მომზადდა დასკვნა, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს დასკვნა იქნებოდა კონფიდენციალური, თუმცა ამონარიდები სასწაულებრივი გზებით მაინც მოხვდა პოლიტიკოსების ხელში. ისინი ჯიუტად საუბრობენ სხვადასხვა დიაგნოზზე, მათი მკურნალობის მეთოდზე და სურთ შექმნან სურათი, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ექიმის განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით და არა მხოლოდ გათავისუფლებით, მაშინ რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან, ეს ყველაფერი აუხსნელია. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ისევ მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ კლინიკა ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში პაციენტისთვის, თუმცა სათანადო შედეგისთვის "პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა". ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წონის კლება, თუმცა თქვა, რომ ეს გამოწვეულია დიდწილად იმით, რომ ექსპრეზიდენტი "არ იკვებება".

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა 6 დეკემბერს გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიად, რასაც, ექიმთა შეფასებით, სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს. სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას.

სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

XS
SM
MD
LG