Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააკავეს კონსტიტუციურ ორგანოებზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილები


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, დაკავებულია სულ მცირე 25 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან გერმანიის სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმის მზადებაში. ოპერაციამ, რომელშიც ჩართული იყო სამართალდამცავი სტრუქტურების 3000-ზე მეტი თანამშრომელი, მოიცვა გერმანიის 11 ფედერალური მიწა. ასევე, ავსტრია და იტალია. დაკავებულებს შორისაა რუსეთის მოქალაქე ქალი. ამავე საქმეზე ეჭვმიტანილია კიდევ 27 პირი.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის და იუსტიციის მინისტრ მარკო ბუშმანის ინფორმაციით, საუბარია „რაიხსბიურგერების“ ექსტრემისტული ჯგუფის წევრებზე, რომლებიც გეგმავდნენ კონსტიტუციურ ორგანოებზე შეიარაღებულ თავდასხმებს. ბუშმანმა ტვიტერზე დაწერა, რომ დემოკრატია დაცულია.

„რაიხსბიურგერები“ არ აღიარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას და თავს მიიჩნევენ „გერმანიის რაიხის“ მოქალაქეებად.

გერმანული მედიასაშუალებები პროკურატურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ "ტერორისტული ქსელის" წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირები მიზნად ისახავდნენ არსებული სახელმწიფო წყობის შეცვლას მათ მიერ შემუშავებული მოდელით. როგორც DW წერს, გეგმის თანახმად, გერმანიის სახელმწიფოს მეთაური უნდა გამხდარიყო 71 წლის ჰაინრიხ XIII როისების თავად-აზნაურთა გვარიდან.

გამოძიების თანახმად, შეთქმულების მონაწილეთა ერთი ჯგუფი გეგმავდა იარაღით და ძალის გამოყენებით, გერმანიის პარლამენტის შენობაში შეღწევას. ჯგუფის ზოგიერთი წევრი წარსულში მსახურობდა გერმანიის შეიარაღებულ ძალებში. ეჭვმიტანილთა შორისაა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მემარჯვენე-პოპულისტური პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“, მოსამართლე ბირგიტ მალზაკ-ვინკემანი, რომელიც, გეგმის თანახმად, იუსტიციის მინისტრი უნდა გამხდარიყო.

XS
SM
MD
LG