Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი: ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება


თბილისში საახალწლო ნაძვის ხე და განათებები 9 დეკემბერს აინთება - მთავრობის სხდომის დაწყების წინ ქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ჩაიცვან თბილად და დაესწრონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, რომელიც საღამოს 8 საათზეა დაგეგმილი.

„9 დეკემბერს, ხვალ, საღამოს 20:00 საათზე განათდება ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა - მობრძანდით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება. თბილად ჩავიცვათ, რადგან ცივა. წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. საახალწლო სურვილები უცვლელია - სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და, რა თქმა უნდა, მშვიდობა“, - თქვა კალაძემ. მან ისაუბრა საზოგადოების იმ ნაწილზეც, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სადაც საქართველოს მოქალაქეების იბრძვიან და იხოცებიან, მასშტაბური საზეიმო ღონისძიებების გამართვა მორალურად გაუმართლებელია ისევე, როგორც საახალწლო სლოგანად "მშვიდობის ქალაქის" გამოყენება. მერმა თქვა, რომ "იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანში", ახალი წელი კი განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ არსებობს თარიღები, რომლებიც, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საჭიროებს განსაკუთრებულ აღნიშვნას, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო არის სერიოზული გამოწვევების წინაშე. ჩვენს რეგიონშიც არის სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ, რომ ადამიანებს მისცენ შობა-ახალი წლის დღეების აღნიშვნის შესაძლებლობა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დღეები ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა - არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები. არავის არ მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობის დღეები - ეს არის ის დღესასწაულები, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი განსაკუთრებით ელოდება, ყველასთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერს არ უთქვამს, როგორი იქნება 9 დეკემბერს დაგეგმილი საზეიმო კონცერტი და რომელი შემსრულებლები მიიღებენ მასში მონაწილეობას. ცნობილია, რომ აქტივისტების ნაწილი საზეიმო პროგრამის პარალელურად გეგმავს აქციას თავისუფლების მოედანზე, "მშვიდობის ქალაქის" ბანერთან.

XS
SM
MD
LG