Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში პროფესიონალი კადრების მწვავე დეფიციტზე მსჯელობენ


ფორო არქივიდან: ცხინვალი.
ფორო არქივიდან: ცხინვალი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სფეროში პროფესიონალი კადრების ნაკლებობის საკითხი განიხილეს. შეხვედრას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინ ჯუსოევი უძღვებოდა. ის ე.წ. სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი იუწყება.

კონსტანტინ ჯუსოევმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აფინანსებს და რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, ჯანდაცვა, განათლება. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ამ დარგში სპეციალისტების დეფიციტია.

„სიტუაცია უნდა შეიცვალოს. მაღალკვალიფიციური ეროვნული პერსონალის არსებობა არის რესპუბლიკის წარმატებული განვითარების გასაღები“, - აღნიშნა კონსტანტინ ჯუსოევმა. მანვე თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსი სპეციალისტებიც ჩავლენ დასახმარებლად, მაგრამ ცხინვალის რეგიონს ასევე სჭირდება საკუთარი ადამიანური, საკადრო მაღალკვალიფიციური რესურსის გაზრდა. ბავშვთა ქირურგია, რეანიმაცია, კლინიკური ფარმაკოლოგია, სოფლის მეურნეობის მოსავლის წარმოება, თბოენერგეტიკული ინჟინერია, ტურიზმის და სასტუმროების მენეჯმენტი, კომუნალური მომსახურება - ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დეფიციტს მწვავედ განიცდიან ოკუპირებულ რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებმა ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსები გამოაცხადეს, კადრებით შევსება მაინც შეუძლებელია, რადგან ადგილზე აღარ დარჩნენ პროფესიონალი კადრები.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემისადმი ყოვლისმომცველი მიდგომაა საჭირო და სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს დაავალა შეადგინონ ყველაზე დეფიციტური სპეციალობების სიები, მოამზადონ წინადადებები და წარუდგინონ მთავრობას.

„საჭიროა სპეციალური ცნობარის შექმნა პერსონალის დეფიციტის საკითხზე, დაწესებულებებისა და დეპარტამენტების მონაცემებზე დაყრდნობით, რათა უფრო ნათლად დავინახოთ პრობლემა და შეიმუშაოთ მისი გადაჭრის გზები,“ - განაცხადა კონსტანტინ ჯუსოევმა.

დე ფაქტო ხელისუფლება ამ პრობლემაზე უკვე ღიად საუბრობს. გაგლოევის ე.წ. მთავრობას საკადრო დეფიციტის აღმოფხვრის კონკრეტული გეგმა არ აქვს. ასეთ დროს ისინი გამოსავლად რუსეთის ფედერაციიდან შესაბამისი კადრების მოწვევას განიხილავენ ხოლმე, თუმცა ადგილზე ხელფასი იმდენად დაბალია, რომ რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლაზე ბევრი არ თანხმდება ხოლმე. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო ჯანდაცვის სფეროში, თუმცა რუსი ექიმები ცხინვალში დიდხანს არ გაჩერებულან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG