Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა ევროპის წინააღმდეგ - კატარში მეოთხედფინალები იწყება


მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე რვა თამაში რჩება. აქედან ორი დღეს გაიმართება და გამოვლინდება ის ორი ნაკრები, რომლებიც მსოფლიოს ოთხ უძლიერეს გუნდს შორის მოხვედრას გაინაღდებენ და სანუკვარ ტიტულსაც, თითო ნაბიჯით მიუახლოვდებიან. დღევანდელი თამაშებითვე შეიძლება გაირკვეს, რომ ჩემპიონატის ერთი ფინალისტი სამხრეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენელი იქნება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ნახევარფინალის საგზურებს არგენტინა და ბრაზილია მოიპოვებენ.

მესის კიდევ ერთი ბოლო შანსი

მეოთხედფინალურ ეტაპს არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრებების დაპირისპირება გახსნის. ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატებზე აქამდე ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. მათ შორის, 1978 წლის მუნდიალის ფინალშიც, როდესაც თასს არგენტინელები დაეუფლნენ, მაგრამ ამ წყვილზე ბევრ გულშემატკივარს ბოლო - მეხუთე მატჩი ახსენდება. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი. გამაჯვება იქაც სამხრეთამერიკელებმა მოიპოვეს, ოღონდ პენალტების სერიაში, ნულოვანი ფრის შემდეგ.

დღევანდელი ნახევარფინალის შედეგს ფეხბურთის მოყვარულები კიდევ ერთი საკითხის გამო ელიან გამორჩეული ინტერესით. თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად დიდი ალბათობით ბოლოჯერ იბრძვის. თავისივე განცხადების თანახმად, კატარი 2022 მისთვის ჩემპიონობის ბოლო შანსია და ცხოვრების ამ ნატვრის ასახდენად არგენტინელთა ლიდერს მიმდინარე მუნდიალზე უახლოესი სამი თამაშის მოგება სჭირდება. ნიდერლანდებთან გამარჯვების შემთხვევაში მესის ტიტულამდე ნახევარფინალი და ფინალი დარჩება.

არგენტინისა და ნიდერლანდების შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა თავისი ეროვნული გუნდის საფეხბურთო შორტის ფოტო, რომელსაც ექვსი ვარსკვლავი ამშვენებდა. სათამაშო ფორმაზე ვარსკვლავების რაოდენობა აღნიშნავს, რამდენჯერ გახდა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი. ბრაზილია კი ჯერჯერობით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია.

ნეიმარის ოცნების მინიმუმ ოთხი წლით გადადებას დღეს ხორვატები შეეცდებიან. სწორედ ამ ქვეყნის ნაკრები შეხვდება მეოთხედფინალში ბრაზილიას და შეეცდება, თავისი ბრწყინვალე ტრადიცია არ დაარღვიოს. ხორვატია მუნდიალის მეოთხედფინალში მესამედაა გასული და წინა ორ შემთხვევაში, ბარიერი წარმატებით დაძლია. პირველად - 1998 წელს გერმანიას აჯობა, ანგარიშით 3:0 და შემდეგ მეოთხე ადგილს დასჯერდა. მეორედ კი 2022 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთი გაამწარა პენალტების სერიაში, მერე

ზედ ინგლისიც მიაყოლა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, საფრანგეთთან წაგებული ფინალის შემდეგ.

ბრაზილიის ნაკრებს კი ხორვატიასთან თავისი ასევე ორთამაშიანი სტატისტიკა აქვს გასაზრდელად. სამხრეთამერიკელებს დღევანდელ მეტოქესთან მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქულაც არასოდეს დაუკარგავთ. 2006 წელს მინიმალური ანგარიშით აჯობეს, ხოლო 2014-ში - 3:1.

თუ ნეიმარი და კომპანია ხორვატიას დაამარცხებს, ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზურს მეცხრედ მოიპოვებს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG