Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება „საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში“ გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ


საილუსტრაციო ფოტო

ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე "გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების" არაღიარების თაობაზე. ამის შესახებ საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უხეში უგულებელყოფაა და საფრთხეს უქმნის ევროპულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საბჭოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ უკრაინის მხარეს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის უკანონო ანექსიას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის უფლებას, გაათავისუფლოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია და აღადგინოს მათზე სრული კონტროლი", - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა. ჩეხეთი ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანაა.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, გადაწყვეტილება პასპორტების არცნობის შესახებ არის პასუხი "რუსეთისთვის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული უცხოური პასპორტების გაცემაზე".

ის ასევე გამომდინარეობს "რუსეთის გადაწყვეტილებიდან, რომელიც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობის ცალმხრივ აღიარებას" გულისხმობს.

განცხადებაში მითითებულია, რომ საუბარია არა მხოლოდ სოხუმსა და ცხინვალში გაცემულ დოკუმენტებზე, არამედ დოკუმენტებზე, რომლებიც იქ „მცხოვრებლებზეა გაცემული“.

რუსული სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე ან იქ მცხოვრებ პირებზე, არ მიიღება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტად შენგენის ზონაში ვიზის მისაღებად ან საზღვრის გადასაკვეთად. ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ მიიღება ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ არაღიარების პროცესშია. ეს გადაწყვეტილება მიმართულია საერთო მიდგომის შემუშავებისკენ გარე საზღვრისა და საერთო სავიზო პოლიტიკის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში".

რუსული პასპორტების აკრძალვამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს აფხაზეთში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, კერძოდ, ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG