უკრაინის შეიარაღებული ძალები მწვავე ბრძოლების შესახებ იტყობინებიან. როგორც იუწყებიან, რუსეთის ჯარებმა იერიშები მიიტანეს რამდენიმე ქალაქზე დონბასის რეგიონში, დრონებით შეტევის შედეგად ელექტრომომარაგება შეწყდა საპორტო ქალაქ ოდესაში. ამის ფონზე საერთაშორისო დაპირებები ფოკუსირებულია საჰაერო თავდაცვის სფეროში უკრაინის დახმარებაზე. დასავლეთი აცხადებს, რომ მოსკოვს სულ უფრო ნაკლები შეიარაღება რჩება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის ჯარებმა მის ქვეყანაში „რუსეთის დროშით ჯოჯოხეთი“ მოიტანეს.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღება სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ირანზე. მისი თქმით, ლონდონი „თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთი ცდილობს, იარაღი მიიღოს ჩრდილოეთ კორეიდან და სხვა სახელმწიფოებისგან, რომელთა წინააღმდეგ მძიმე სანქციები მოქმედებს, ვინაიდან მათი საკუთარი მარაგები საგრძნობლად ილევა.“ გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ უარყო ეს ბრალდება.
ოდესაში ელექტრომომარაგების ადგილობრივმა ოპერატორმა DTEK-მ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ქალაქსა და მის შემოგარენში დენი გაეთიშა ყველას გარდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წუხელ რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე იტყობინებიან, რომ მაშინ, როცა ტემპერატურა ნულს ქვევითაა, კიდევ ათასობით ადამიანს შეუწყდა ელექტრომომარაგება ხერსონში.