Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, შეცვლიან კანონს, რომლითაც "გირჩი" ჯარიდან იხსნიდა ახალგაზრდებს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შეიცვლება კანონმდებლობა და ახალგაზრდები "სასულიერო პირის მოწმობებით" ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე დღეს, 12 დეკემბერს, ისაუბრა.

"ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. ეს იყო ფიქციური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ...

ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან [ზურა ჯაფარიძემ] ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ. დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ფიქციური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ.

ჩვენ არ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნისთვის, რა უნდა იყოს?!." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მუშაობენ "თავდაცვის კოდექსზე", რომელშიც სხვა ცვლილებებიც შევა. მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის მოხდება - პროგრამა იქნება 6, 8 ან 11-თვიანი. გარდა ამისა, სპეციალურ პირობებს შესთავაზებენ სტუდენტებს, რომელთა ასაკიც 23 წლამდე იქნება. მათ წელიწადში ერთთვიანი სამხედრო მოსამზადებელი კურსის გავლის შემთხვევაში, სწავლის დამთავრების შემდეგ რეზერვის სტატუსი მიენიჭებათ.

2017 წელს პარტია "გირჩმა" დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება". ამ გზით პარტია იმ ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომლებსაც არ უნდოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა.

მოქმედი კანონი ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.

მღვდელთმსახურის მოწმობა 50 ლარად
please wait

No media source currently available

0:00 0:03:53 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG