აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების გადასაცემად ემზადება.
გადაწყვეტილება ამ კვირაში უნდა მიიღონ, წერენ CNN-ი და Reuters-ი მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით.
პენტაგონის ეს გეგმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაამტკიცოს. CNN-ის წყაროების ცნობით, მოელიან, რომ გეგმა დამტკიცდება.
ჯერჯერობით უცნობია, Patriot-ის რამდენ ერთეულს გადასცემენ უკრაინას. CNN-ის თანახმად, ერთი პატრიოტის ბატარეა, როგორც წესი, შედგება რადარისგან, სამეთაურო ნაწილისგან, დამხმარე აღჭურვილობისა და რვამდე გამშვებისაგან, რომელთაგან თითოეული ოთხი რაკეტითაა აღჭურვილი.
მოსალოდნელია, რომ გეგმის შეთანხმების შემდეგ, სისტემების მიწოდება მოხდება უმოკლეს ვადაში. უკრაინელ სამხედროებს მათ გამოყენებაში გაწვრთნიან გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე. უკრაინა დიდი ხანია სთხოვს დასავლელ მოკავშირეებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს რუსეთის დაბომბვისგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
ნოემბერში პოლონეთმა უკრაინას გერმანიისგან მიღებული ამ დანადგარების განთავსება შესთავაზა დასავლეთში, მაგრამ ბერლინმა უარი თქვა.
Patriot-ის გამშვებ აგრეგატებს შეუძლიათ სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტების გამოყენება, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც სამიზნეს 80 კმ-მდე და 20 კმ-ის სიმაღლეზე მისწვდება. სისტემა შექმნილია ზებგერითი სიჩქარით მფრინავი სამიზნეების გასანადგურებლად და შეუძლია ერთდროულად 125-მდე ობიექტის სამიზნეში ამოღება და მათგან ექვსისთვის ცეცხლის დაშენა.