საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ყოველწლიურ ანგარიშში იტყობინება, რომ 2022 წელს მედიის 57 თანამშრომელი დაიღუპა, რაც თითქმის 19%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით. 14 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორები ამას უკავშირებენ, სხვათა შორის, უკრაინაში ომს, რომელიც წელს (მექსიკის შემდეგ) ყველაზე სახიფათო ადგილად იქცა მედიის თანამშრომლებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უკრაინაში რვა ჟურნალისტი დაიღუპა, აღნიშნავს „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.
ანგარიშში მოტანილია უკრაინელი ფოტოგრაფის, მაქსიმ ლევინისა და ფრანგი ვიდეორეპორტიორის, ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფის სიკვდილის შემთხვევები. ფრანგი ჟურნალისტი აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა ჭურვის ნამსხვრევით, როცა გადაღებაზე მიემგზავრებოდა.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მასმედიის მინიმუმ 65 თანამშრომელი გაიტაცეს. კერძოდ, უკრაინის საინფორმაციო სააგენტო "უნიანის" ჟურნალისტი დმიტრო ხილიუკი უკანასკნელად 4 მარტს ნახეს კიევის ოლქის დაბა დიმერში, რომელსაც მაშინ რუსეთის ჯარები აკონტროლებდნენ. ხილიუკის შემდგომი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი.
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ იტყობინება, რომ 1 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით დაკავებულია 533 ჟურნალისტი. ეს 13,4%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ეს მაჩვენებელი ასევე ახალი რეკორდია. დაკავებულთა 15% ქალები არიან. ამ შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის ხუთ ქვეყანაზე. ესენია: ჩინეთი, ბირმა (მიანმარი), ირანი, ვიეტნამი და ბელარუსი.
ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჟურნალისტების მუშაობის პირობები საგრძნობლად გაუარესდა. ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იძულებული არიან, იმუშაონ უმკაცრესი ცენზურის პირობებში, მკაცრი სასჯელის საფრთხის ქვეშ.