Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადასცა


წელს ანდრეი სახაროვის პრემია, რომელსაც თავისუფალი აზრისა და ადამიანის ღირსების დაცვისთვის ანიჭებენ, მიიღო უკრაინელმა ხალხმა. ჯილდოს გადაცემის ცერემონია სტრასბურგში გაიმართა 14 დეკემბერს. პრემია გადასცეს უკრაინელ აქტივისტებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცერემონიაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა.

შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკუთარი მიწის დაცვისას დაღუპულ უკრაინელებს.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ, აღნიშნა, რომ პრემია ენიჭება ყველა უკრაინელს. „მათ, ვინც იბრძვის; მათ, ვინც იძულებული იყო, გაქცეულიყო; მათ, ვინც ნათესავები და ახლობლები დაკარგა. ყველას, ვინც იბრძვის იმისთვის, რისიც სწამს. მე ვიცი, რომ მამაცი უკრაინელი ხალხი არ დანებდება, არც ჩვენ“, - განაცხადა მეცოლამ.

სახაროვის პრემია ევროკავშირის მთავარი ჯილდოა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ლაურეატთა წარმომავლობა არ შემოიფარგლება ევროპელებით. წელს უკრაინელი ხალხის გარდა ნომინანტები იყვნენ Wikileaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, და კოლუმბიელ უფლებადამცველთა ჯგუფი „სიმართლის კომისია“.

2021 წელს სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი.

XS
SM
MD
LG