Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო


პოლონეთის სეიმი

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ ცნობს, ნათქვამია პოლონეთის სეიმის რეზოლუციაში, რომლის შესახებაც პოლონური მედია წერს.

რუსეთი „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და სხვა მრავალ ვალდებულებას, თავს ესხმის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, ომის დანაშაულებსა და გენოციდს და ჩართულია მტრულ ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2014 წლის ივლისში მალაიზიის ავიახაზების რეისის (MH17) ჩამოგდებაზე, რასაც 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ემსხვერპლა და ასევე 2010 წლის აპრილში სმოლენსკში პოლონეთის საჰაერო ძალების რეისის ჩამოვარდნაზე, რომლის ბორტზე მყოფი 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონელი და ნატოს სამხედრო მეთაურები და პოლონეთის პარლამენტის წევრები.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გრძელდება რუსეთის უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რასაც ათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვი ეწირება. „რუსეთი არღვევს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

პოლონეთის სეიმის დეპუტატები მინისტრთა საბჭოს მოუწოდებენ, გააგრძელოს და გააფართოოს ქმედებები რუსეთისა და პუტინის რეჟიმის მხარდამჭერების წინააღმდეგ, სანქციების შემდგომი პაკეტების დაწესების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG