„სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა ცდილობდნენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაერწმუნებინათ, არ დაეწყოთ ომი უკრაინაში, ამის შესახებ BBC-ს რუსულენოვანი სამსახური Financial Times-ის სტატიის მიხედვით წერს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი თვით ადრე, პუტინს ეკონომიკურ საკითხებში მისი ნდობით აღჭურვილი პირები ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში შეხვდნენ, რათა დასავლეთის მოსალოდნელი სანქციების შესაძლო შედეგების შესახებ ეცნობებინათ, წერს გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, გრეფმა პუტინს 39-გვერდიანი პრეზენტაცია წარუდგინა იმ მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების შესახებ, რომლებიც უკრაინის გარშემო დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
გამოცემა გრეფს პუტინის ახლო მოკავშირედ მოიხსენიებს. ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, პეტერბურგის მერიაში მუშაობიდან მოყოლებული, "სბერბანკის" მომავალ პრეზიდენტს პუტინის წრის ყველაზე ლიბერალურ წარმომადგენელს უწოდებდნენ.
ნაბიულინა, „ცენტრალური ბანკის პატივცემული მმართველი“, სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად გრეფის შიშებს იზიარებდა და მას პრეზენტაციის მომზადებაში დაეხმარა, ნათქვამია სტატიაში.
პრეზენტაცია აფრთხილებდა პუტინს, რომ უკრაინის გამო „მძიმე სანქციებს“, შესაძლოა, ფინანსურ ბაზრებზე პანიკა გამოეწვია და რუსეთის ეკონომიკა ათი წლის წინანდელ მდგომარეობასთან დაებრუნებინა. (რუსეთის მოქალაქეების ცხოვრების დონე ჩამორჩენოდა განვითარებადი ქვეყნებისას).
რამდენიმე წყაროს თქმით, გრეფს პრეზენტაცია პუტინმა გააწყვეტინა და ჰკითხა: რა უნდა გააკეთოს რუსეთმა ყველაზე მძიმე სანქციისგან თავის ასარიდებლად?
გამოცემა წერს, რომ ტექნოკრატებმა ისე დატოვეს შეხვედრა, არ ეყოთ გამბედაობა პირდაპირ ეთქვათ, რომ მას გეოპოლიტიკური კატასტროფა ელოდა.
Financial Times-ის თანახმად, მათ ვერც ის გაიგეს, ზუსტად რას გეგმავდა პუტინი.
„ისინი საკმაოდ თამამები იყვნენ, რადგან პუტინთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ ვერ შეძლეს მიეტანათ თავიანთი გზავნილი“, - უთხრა გამოცემას თანამოსაუბრემ. მისივე თქმით, არასოდეს უნახავს გრეფი ასეთ მდგომარეობაში - „ის შოკში იყო“. მან „სბერბანკის“ დირექტორი ომის პირველ დღეებში ნახა.
გერმან გრეფი სანქცირებული პირების სიაში ევროკავშირის სანქციათა მეხუთე პაკეტის მიხედვით აღმოჩნდა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაშია.