Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი ერმაკი: აშშ მზადაა უკრაინას ელექტროენერგიის სწრაფი აღდგენისთვის აღჭურვილობა მიაწოდოს


შეერთებული შტატები მზადაა, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უზრუნველყოს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს, რომელიც 16 დეკემბერს ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეფრი პიატსა და უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს ერმაკმა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგები გააცნო.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება აღჭურვილობა და სხვა დახმარება, რათა სწრაფად აღადგინოს გათბობის და ენერგეტიკული ობიექტები რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ”, - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლები მზად არიან უკრაინას გაუწიონ დახმარება, კერძოდ, უზრუნველყონ საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უკრაინელი ხალხის ეფექტური მხარდაჭერისთვის.

რუსეთმა უკრაინის ენერგო ობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმები სიცივის დადგომასთან ერთად, 10 ოქტომბრიდან დაიწყო. ენერგოსისტემის მნიშვნელოვნად დაზიანების გამო, უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დააწესეს, თუმცა, ყოველი შეტევის შემდეგ, მწყობრიდან გამოსული სისტემის სტაბილიზაციამდე გრაფიკის დაცვა შეუძლებელი ხდება და ე.წ. ავარიული გათიშვა იწყება. ნოემბრის ბოლოს უკრაინაში 6 მილიონზე მეტი სახლი იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.

16 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგო-ინფრასტრუქტურაზე მეცხრე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

XS
SM
MD
LG