Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიკვდილით მოვაჭრე“ ვიქტორ ბუტი გათავისუფლების შემდეგ რუსეთის პოლიტიკაში ებმება


ვიქტორ ბუტი პატიმრობის დროს აშშ-ში
ვიქტორ ბუტი პატიმრობის დროს აშშ-ში

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ციხიდან გათავისუფლებულმა და რუსეთისთვის გადაცემულმა ვიქტორ ბუტმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" ფილიალის გახსნაში.

როგორც „მედუზა“ წერს, ლუგანსკში ბუტი 17 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დელეგატთა შეკრებაზე და რუსეთში საკუთარი დაბრუნება მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას შეადარა.“თქვენ იყავით ჩემი შთაგონება, რომელმაც მეც მომცა საშუალება დავბრუნებულიყავი სამშობლოში ისევე, როგორ მთელი დონბასი დაბრუნდება რუსეთში“, - განაცხადა ბუტმა. მან „გმირები" უწოდა დარბაზში მყოფ ადამიანებს, რომლებიც, მისი თქმით, „თავიანთი მაგალითით“ ძალიან დაეხმარნენ მას ციხეში ყოფნის დროს.

ლუგანსკში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ფილიალის გახსნის გადაწყვეტილება სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ლუგანსკში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ამ შეხვედრაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ლდპრ-ის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, დუმის შრომის, სოციალური პოლიტიკისა და ვეტერანების საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი იაროსლავ ნილოვი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ალექსეი დიდენკო და სხვები.

აშშ-ში გასამართლებული რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი 8 დეკემბერს გაათავისუფლეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პატიმართა გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ბუტის სანაცვლოდ რუსეთმა საპატიმროდან გაათავისუფლა ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი.

  • 32 წლის გრაინერი რუსეთში საპატიმროში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ 17 თებერვალს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მას ბარგში უპოვა რუსეთში აკრძალული კანაფის ზეთი. 2022 წლის აგვისტოში სასამართლომ გრაინერი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების კონტრაბანდაში და მას ცხრა წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. კალათბურთელმა განაჩენი გაასაჩივრა. შემდგომ ინსტანციაში გრაინერს სასჯელის შემსუბუქებაზე უარი ეთქვა, თუმცა გათვალისწინებულ იქნა მის მიერ იზოლატორში გატარებული დღეები და პატიმრობის ვადა რვა წლამდე შეუმცირდა.
  • გრაინერი თამაშობდა ეკატერინბურგის ქალთა გუნდში. აშშ-ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან ორჯერ გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებზე.
  • 55 წლის ვიქტორ ბუტს იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი აშშ-ში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG