Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარში დააკავეს Pussy Riot-ის აქტივისტები


პიოტრ ვერზილოვი დაკავებისას ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩის დროს მოსკოვში. 15 ივლისი, 2018 წელი
პიოტრ ვერზილოვი დაკავებისას ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩის დროს მოსკოვში. 15 ივლისი, 2018 წელი

კატარში, სადაც 18 დეკემბერს დასრულდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი, დააკავეს „მედიაზონის“ გამომცემელი პიოტრ ვერზილოვი, ასევე Pussy Riot-ის წევრი ვერონიკა ნიკულშინა და ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი.

ამის შესახებ გერმანიის მედია იტყობინება და იმოწმებს ბერლინში დაფუძნებულ ორგანიზაცია Cinema for Peace-ს.

არსებული ცნობით, ვერზილოვმა მალევე გამოაცხადა, რომ აქტივისტები გაუშვეს. მათ დაგეგმილი ჰქონდათ საპროტესტო აქცია - დოჰაში მიმდინარე (არგენტინის და საფრანგეთის ნაკრებების) საფინალო მატჩის დროს მოედანზე გადასვლა - მაგრამ უშიშროების ძალებმა დააკავეს.

Spiegel-ი წერს, რომ აქვს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ჩემპიონატის ორგანიზატორებს ინციდენტზე ჯერ არაფერი განუცხადებიათ.

აქტივისტების მიზანი იყო გამოსულიყვნენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ, მოეთხოვათ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის განთავისუფლება და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი ირანელი ქალებისთვის.

ადრე, აშშ-ის და ირანის გუნდების თამაშის დროს, კატარში, მათ მოახერხეს აქციის ჩატარება, როცა Pussy Riot-ის წევრები ტრიბუნებზე გამოჩნდნენ მაისურებით, რომლებზეც ეწერათ ირანის საპროტესტო მოძრაობის მთავარი ლოზუნგი: "ქალი სიცოცხლე თავისუფლება" და ირანელი ქალების გვარები.

2018 წელს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში ჩატარდა, საფინალო მატჩის დროს ვერზილოვმა და Pussy Riot-მა აქცია გამართეს - მოედანზე გადავიდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები. პერფორმანსის სახელწოდება იყო: „მილიციელი თამაშში ერთვება“. მათ პოლიტპატიმრების განთავისუფლება მოითხოვეს, თავიანთი ქმედებისთვის კი ადმინისტრაციული სასჯელი მიიღეს.

Cinema for Peace-მა 2020 წელს ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირების ორგანიზება უზრუნველყო, მოწამვლის გამო. 2018 წელს ორგანიზაცია ბერლინში გადაყვანაში დაეხმარა ვერზილოვს, რომელსაც მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG