რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვსა და მინსკში გაემგზავრა. ამ შინაარსის მოკლე შეტყობინება დღეს, 20 დეკემბერს გამოქვეყნდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე. არძინბას ე.წ. ვიზიტი მოხსენიებულია, როგორც „სამუშაო“ და მიზნად დასახელებულია „ურთიერთქმედების აქტუალური საკითხების განხილვა“. ვის შეხვდება არძინბა მოსკოვსა და მინსკში, მითითებული არ არის.
რუსეთის მთავარ მოკავშირეს - ბელარუსის რეჟიმს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. ამასთან, 2022 წლის სექტემბერში, ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ლუკაშენკა ჩავიდა ბიჭვინთაში, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას შეხვდა.
19 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართა რუსეთ-ბელარუსის კავშირის საპარლამენტო კრების 63-ე სესია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო დელეგაციებიც.