Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გალერისტ მარატ გელმანზე ძებნა გამოცხადდა


მარატ გელმანი
მარატ გელმანი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გალერისტ მარატ გელმანზე ძებნა გამოაცხადა. ძებნის შესახებ ცნობა გელმანის ფოტოსურათით, ძებნილთა ბაზაში სამშაბათს გამოჩნდა. გამოცემა "მედიაზონა" იუწყება, რომ გელმანზე ძებნა გამოცხადებულია სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, თუმცა კონკრეტული მუხლის მიუთითებლად.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მარატ გელმანი უცხოეთის აგენტ მედიის წარმომადგენელთა სიაში შეიყვანა, მოგვიანებით მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძვლით საქმე აღძრეს, თავისი სტატუსის მიუთითებლად სტატიის გამოქვეყნებისთვის.

2014 წლიდან გალერისტი ჩერნოგორიაში ცხოვრობს, 2015 წლიდან არტ-რეზიდენციის თანადამფუძნებელია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გელმანი რუს კოლექციონერ და მეცენატ იგორ ცუკანოვთან ერთად ლონდონის გალერეა Saatchi-ში აპირებდა გამოფენის მოწყობას სახელწოდებით The Ukrainian Way (უკრაინული გზა). თუმცა საგამოფენო სივრცის ხელმძღვანელობამ გამოფენა გააუქმა.

მარატ გელმანი ყოფილი პოლიტტექნოლოგი და გალერისტია. 2002 წლიდან 2004 წლამდე იყო ტელეკომპანია "Первый канал-ის" (პირველი არხის) გენერალური დირექტორის მოადგილე. 1995 წელს მან პოლიტტექნოლოგ გლებ პავლოვსკისთან ერთად "ეფექტური პოლიტიკის ფონდი" შექმნა, რომელიც მრავალ პოლიტიკურ პროექტში, მათ შორის ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. ფონდი 2011 წელს დაიხურა, როცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მას ხელშეკრულება შეუწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG