შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციებით დღეს, 20 დეკემბერს, 20-მდე ადამიანი დააკავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით. საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, მათ შორის თბილისში. დღის ბოლოს მედიასთან ისაუბრა კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თემურ კუპატაძემ.
მისი თქმით, ბოლო ერთ თვეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 62 ადამიანია დაკავებული, მათ შორის რეალიზაციისთვის - 46. ისინი ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულში, რუსთავსა და თბილისის სხვადასხვა უბანში დააკავეს.
"დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „ექსტაზი“, „მეტადონი“, "კეტამინი", "ლირიკა", "ოპიუმი" და "მარიხუანა", - თქვა კუპატაძემ და განმარტა, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ადამიანებს შორის არიან თურქეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, ეგვიპტის, ლატვიის, ნიგერიისა და სომხეთის მოქალაქეები.
"2022 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული. პოლიციამ ჯამში, მთელი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება", - თქვა კრიმინალური პოლიციის უფროსმა.